საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომავალი წლიდან დაგეგმილია მესტიის და უშგულის განახლების პროექტები. მამუკა ბახტაძის თქმით, გრძელდება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესიც.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „ექსპო ჯორჯიაში“ მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, მთა და მთის კურორტები უნდა განვითარდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, რათა ქვეყანამ მოიპოვოს საერთაშორისო სპორტული ტურნირების ჩატარების პოტენციალი.
დღესვე პრემიერმა 13 წლის გიდს უშგულიდან, გიორგი ქოჩქიანს „მთის შვილის“ წოდება მიანიჭა. მოზარდის ფოტომ და ისტორიამ სოციალური ქსელი დაიპყრო. ინტერნეტის მომხმარებლები მისმა შესაძლებლობებმა გააოცა. მან ამ ასაკში 4 ენა იცის, რომელიც ძირითადად თავად ისწავლა.