logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრას ვაპირებ
- +

13 დეკემბერი. 2018. 13:55

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატმა კობა დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

 

„შესაძლებელია, საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ კობა დავითაშვილი, როგორც პარლამენტის წევრი, სასარგებლოა საზოგადოებისთვის და მისი გამოცდილება გამოსაყენებელია. მინდა, ეს ვსინჯო. მე ვაპირებ კენჭისყრას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, სალომე ზურაბიშვილის ოლქში, რომელიც თავისუფლდება იმის გამო, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. ამ კენჭისყრის შედეგები ჩემთვის იქნება გადამწყვეტი, ეს იქნება ჩემი შეკითხვა ამომრჩევლისადმი – სურთ თუ არა კობა დავითაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ხალხმა 2013 წელს გადაწყვიტა, რომ ჯობდა, კობა დავითაშვილი პოლიტიკიდან წასულიყო, ეს გადაწყვეტილება არჩევნების გზით ისევ ხალხმა უნდა შეცვალოს. თუ ხალხი მეტყვის, პარლამენტში შენნაირი დეპუტატი საჭიროაო, მაშინ დავბრუნდები პოლიტიკაში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

 

„ეს გადაწყვეტილება მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ ზამთარს როგორ გადავიტან, იმაზეა დამოკიდებული. შარშან იანვრიდან ლოგინად ჩავვარდი, 5 თვე ვერ ვდგებოდი, თუ ასეთი რამ განმეორდა, პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია. საზაფხულო პოლიტიკოსები არ არსებობენ. ეს გადაწყვეტილება გაზაფხულზე უნდა იქნას მიღებული.

ვთანამშრომლობ „პატრიოტთან ალიანსთან“. იმ ძალად, რომელთანაც მექნება აქტიური თანამშრომლობა, მოვიაზრებ „პატრიოტთა ალიანსს“. ვისურვებდი კონსერვატიული მიმართულების ტრადიციული ფასეულობების დამცველთა ალიანსი, ან ერთი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს. სასურველია, მესამე ძალის ფორმირება „პატრიოტთა ალიანსის“ ჩართულობით მოხდეს“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

 

ცნობისთვის, თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი მეცხრე მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები გაზაფხულზე დაინიშნება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner