ერთ-ერთი სავაჭრო ქსელში ნაყიდ მზა საჭმელში მომხმარებელმა ლოკოკინა აღმოაჩინა. ამის შესახებ ინტერნეტმომხმარებელი ინფორმაციას ფეისბუქში ფოტოებთან ერთად ავრცელებს:
„მეგობრებო!! გუდვილის ფრეშ სალათი ახალი ინგრედიენტია: ცოცხალი ლოკოკინა!!! ჩემსავით ვისაც გეგონათ, რომ ხარისხიან და სუფთა გარემოში დამზადებულ საკვებს ჭამდით სამწუხაროდ ყველანი ვცდებით!!!
პ.ს ლოკოკინა კი ცნობილი დელეკატესია მაგრამ მაინც",-წერს ინტერნეტ მომხმარებელი.
ამის შესახებ მოგვიანებით „გუდვილის" მენეჯმენტმა განცხადება გაავრცელა:
„ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი" საკვებში აღმოჩენილ ლოკოკინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სავაჭრო ქსელმა განმარტება სოციალურ ქსელში გააკეთა. "ძვირფასო მომხმარებლებო, პირველ რიგში, მადლობას გიხდით ინფორმაციის მოწოდებისთვის. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აზრი. "გუდვილი" მომხმარებლის მიერ დასაბუთებულ პრეტენზიაზე მყისიერად აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს შესაბამის რეაგირებას. მოგმართავთ თხოვნით, რომ მომავალში ნებისმიერი ტიპის უკმაყოფილების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართოთ შეძენილი პროდუქტით შესაბამისი ობიექტის მენეჯერს, რათა ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მოხდეს პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მიღება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ,,გუდვილი" არის ერთადერთი ქსელი საქართველოს საცალო ბაზარზე, რომელიც სერტიფიცირებულია ISO 9001:2008 სტანდარტის HACCP კონცეფციით, რაც გულისხმობს ნედლეულის მიღების, პროდუქციის წარმოებისა და დისტრიბუციის ნებისმიერი ეტაპის მკაცრ, დოკუმენტურ კონტროლს. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ პროცესების რისკების მინიმუმამდე დაყვანას თითოეულ ობიექტზე ახდენს სს „გუდვილის" ხარისხის მართვის სამსახური. გარდა ამისა, ყველა ობიექტზე არსებული მაღალკვალიფიცირებული ექიმები არიან იმის გარანტია, რომ თქვენ მიერ შეძენილი ნებისმიერი პროდუქტის ხარისხი მკაცრად კონტროლდება. ჩვენთვის უაღრესად ღირებულია განვლილი 10 წლის განმავლობაში თქვენ მიმართ გაწეული მომსახურება, სადაც მომსახურების სტანდარტი და პროდუქციის ხარისხი იყო კომპანიის უპირველესი პრიორიტეტი, რაც გვაძლევს რწმენას, რომ მომავალში აღნიშნული მაღალი სტანდარტები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გიხდით მადლობას თანადგომისა და გულისხმიერებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.