საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, რომელზეც „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება, განაცხადა, რომ ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების წლის მიწურულს, პარლამენტის ბოლო სასესიო კვირას შეტანა, ცაიტნოტში აყენებს როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს და მის მნიშვნელობას აკნინებს.
კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვითი ნაწილის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ფინანსთა სამინისტროს ეკისრება და ეს ფინანსთა მინისტრმა, როგორც მთავრობის წევრმა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
„როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, ისე შესრულების პროცესში, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ ასიგნებებს. მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ვთხოვო, რომ ბიუჯეტის კანონპროექტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განხილვის პროცესში, სადაც ყველა სახის პოზიციების შეჯერება უკვე ხდება, მომხსენებლად დაინიშნოს სწორედ ფინანსთა მინისტრი და არა მისი მოადგილე, ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.