საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით აშკარად დასტურდება, რომ საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში არ უწარმოებია ისეთი სამხედრო მოქმედებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევას გამოიწვევდა.
„სასამართლომ ჩათვალა, რომ ყველა ეს საჩივარი იყო აშკარად დაუსაბუთებელი ორი გარემოების გამო. პირველი – სასამართლომ ჩათვალა, რომ წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დარღვევებს დაადასტურებდა და მეორე – თვითონ საჩივარში აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე აშკარად არ დგინდებოდა რაიმე დარღვევის არსებობა. შესაბამისად, დაუშვებლად გამოცხადება ნიშნავს, რომ სასამართლომ ამ საჩივრის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ არ არის საჭირო საქმის არსებითი განხილვის ფაზაზე გადასვლა და ეს საჩივრები უკვე ამოირიცხება მათი განხილვის ნუსხიდან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე – „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.