აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს აკისრებს.
რეზოლუცია საუდის არაბეთის ხელისუფლებას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყველა პირის პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს. სენატში ხმის მიცემის შემდეგ, რეზოლუციას მხარი უნდა დაუჭიროს წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი დოკუმენტი ხელის მოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გაიგზავნება.
საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც ის მოკლეს. თურქეთის პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მოკლული ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს. გამოცემა „The Washington Post“-ის ინფორმაციით კი, ცხედარი მჟავის საშუალებით გაანადგურეს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ CIA-ს გამოძიებამ საუდელი პრინცის ბრალი უკვე დაადგინა, თუმცა ტრამპმა ამ შედეგს „წინასწარი“ უწოდა და ბინ სალმანი ჟურნალისტის მკვლელობაში არ დაადანაშაულა.