აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან იორგოს კატრუნგალოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მაკედონიის NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ბალკანეთის ქვეყნების შესაძლებლობებს, რეგიონში რუსეთს გაუწიონ წინააღმდეგობა.
„ივნისში საბერძნეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც პოზიტიურ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს და საბერძნეთს დაეხმარება, გახდეს „ბალკანეთის კარიბჭე“. ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს თქვენს მეზობელს, NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანდეს, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა და ასევე გააძლიერებს ბალკანეთს რუსეთის მავნებელ გავლენასთან დაპირისპირებაში“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.
მისივე თქმით, ევროპისთვის კასპიის რეგიონიდან გაზის მიწოდება ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით დაეხმარება ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ბულგარეთი, შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე.
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს მაკედონიისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, მაკედონიის სახელი შეიცვლება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკით“. ეს კი მაკედონიას საშუალებას მისცემს, ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანდეს.