საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. „ჯვაროსნები" 24 მაისს ავსტიაში, შეკრებაზე გაემგზავრებიან და ლინცთან ახლოს დაბინავდებიან.
27 მაისს ვაისის შეგირდები ქალაქ ველსში სლოვაკეთს დაუპირისპირდებიან, 3 ივნისს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებენ სპარინგ-მატჩს, 7 ივნისს კი მადრიდში ესპანეთს შეერკინებიან. აღსანიშნავია, რომ სამივე მეტოქე ევრო-2016-ის ფინალური ეტაპისთვის გადის მზადებას.
ვაისის სიაში ახალწვეულებიც არიან: აშშ-ში დაბადებული ზურაბ ცისკარიძე (ჩეხეთის „ტეპლიცეს" მცველი), ჯაბა ჯიღაური და ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე თბილისის „დინამოს" ნახევარმცველი).
შეკრებას ვერ გაივლის ტრავმირებული გიორგი ლორია (რუსული „კრილია სოვეტოვი"). ესპანური „ხიმნასტიკის" ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია და გერმანული „დუისბურგის" შემტევი გიორგი ჭანტურია ფედერაციასთან შეთანხმებით, სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ შეუერთდებიან ნაკრებს, ვინაიდან მათ კლუბებს უმნიშვნელოვანესი მატჩები უწევთ.
ვლადიმირ ვაისის 25-ეული შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი („მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარაძე („ფეირენსე", პორტუგალია), რიონ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი);
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია („რუბინი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი („დინამო", თბილისი), ლაშა დვალი („სლასკი", პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე („დინამო", თბილისი), უჩა ლობჟანიძე („დინამო", თბილისი), გიორგი ნავალოვსკი („სკა-ენერგია", რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე („ტეპლიცე", ჩეხეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია („ხიმნასტიკი", ესპანეთი), ლევან ყენია („სლავია", ჩეხეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („დნიპრო", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („ესკიშჰირსპორი", თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო", თბილისი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („დინამო", თბილისი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი", იტალია), ვლადიმირ დვალიშვილი („პოგონი", პოლონეთი), გიორგი ქვილითაია („დინამო", თბილისი), გიორგი ჭანტურია („დუისბურგი", გერმანია).