პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტის სხდომაზე, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარადგინა, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის განცხადებას გამოეხმაურა და პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე უწოდა.
მისი თქმით, 1993 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დენონსირების პროცესი უნდა დაიწყოს.
„გუშინ გავრცელდა მორიგი პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელის მედოევის, თითქოს, ქართველები არიან მოვალე, რომ რეაბილიტაციაში მიეღოთ მონაწილეობა. არც ვიცი მისი თანამდებობა, რადგან რა თანამდებობა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომელიც ეთნიკური წმენდის შედეგად არის ჩამოყალიბებული. იყო 93 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩვენ მოვალე ვართ, უფასო მკურნალობა ჩავუტაროთ ჩვენს ოს მოქალაქეებს და კიდევ ვალი გვაქვს თურმე ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რომ რეაბილიტაციაში და კორუფციული რეჟიმის კეთილმოწყობაში მივიღოთ მონაწილეობა. მე გთხოვდით, იქნებ შევძლოთ და დავიწყოთ ამ ხელშეკრულების დენონსირების პროცესი“, – მიმართა აკაკი ზოიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას პარლამენტის სხდომაზე.
1993 წლის 14 სექტემბერს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დაზარალებულ რაიონებში ეკონომიკის აღდგენის შესახებ.