„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონული მოთამაშე კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.
„კაპიტალის ბაზარი, როგორც წესი, პატარა ქვეყნებში ცოტა უფრო ნელა ვითარდება, ამიტომ ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, კანონმდებლობის, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაქსიმალურად შევამციროთ ბარიერები, რათა უფრო სწრაფად, დაცულად, იაფად ხდებოდეს ტრანზაქცია. საგადასახადო კოდექსში ჩვენ მიერ გატარებული ცვლილებების შედეგად, გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრისთვის და ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციებისთვის. ამ მხრივ, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეს ბაზარი განვითარდეს. თუმცა, რასაკვირველია, გადამწყვეტი არის მასშტაბი, ქვეყნის ეკონომიკა, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ რეგიონული მოთამაშე როგორც კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში და ამ მხრივ, კარგი დიდი პოტენციალია“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.