logo_geo
eng_logo
შსს: საპატრულო პოლიციაში ახალი ამერიკული მოდელი ინერგება
- +

15 დეკემბერი. 2018. 00:39

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების რამდენიმეთვიანი კურსი დაასრულეს, შედეგად უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება.

 

„სიახლის მიხედვით, გამარტივდება პატრულ-ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე მუშაობის პროცედურული ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლების ადგილზე დაყოვნების დროს. ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, მნიშვნელოვნად განიმუხტება გზებზე მოძრაობა და დაიზოგება ადამიანური რესურსი. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.

 

ამავე რეფორმის ფარგლებში, საპატრულო პოლიციაში ინერგება ახალი ამერიკული მოდელი, რაც გულისხმობს სტანდარტულ, ორკაციან საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად, ახალი პატრულ ინსპექტორების დამატებას, რომლებიც პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ. შედეგად, მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის ქუჩებში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და პარკირების მოწესრიგების საკითხს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელმძღვანელმა მაიკლ მაკმენმა პატრულ-ინსპექტორებს სერთიფიკატები გადასცეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის ინსცენირება მოუწყვეს, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელი ინსტრუქტორებიც იღებდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner