logo_geo
eng_logo
არ გასწორდების?! - ანუ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს
- +

15 დეკემბერი. 2018. 02:39

ისე მოხდა, რომ ამ ჩვენს პოლიტიკურ ავანსცენაზე ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ (მთავარია, ერთხელ გაგიმართლოს და მოხვდე წრეში და საერთოდაც არ გჭირდება არც არჩევნებში გამარჯვება და თვით ბარიერის გადალახვაც კი). შესაბამისად, ყოფილ მმართველ ძალას კვლავ უნდა სახელისუფლო სკამში დავანება (მიმდინარე საპრეზიდენტო არჩვენები 2020 წლის საპარლამენტოს პრელუდიაა, ოღონდ, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ცოტა არ იყოს, სადო-მაზოს საკაზმით), ხოლო, რაკი ამომრჩეველს ახსოვს (წესითა და რიგით, უნდა ახსოვდეს) მათი მართვის სტილი (ჭეშმარიტად სადოს მწარე გემოთი), კითხვათა-კითხვად რჩება, აპირებენ თუ არა გამოსწორებას (მაგალითად, პიზის კოშკივით), თუმცა, მაგალითად, შოთა რუსთაველი შეგვაგონებს, რომ თავსა ახლად ვერვინ იშობს, ავსა კარგად ვერვინ შეცვლისო, მაგრამ ჩვენ მაინც ფაქტებს მივყვეთ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეგრეთ წოდებულ ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები გაამართლა.

 

სავსებით ბუნებრივია, რომ, თუკი ფოტორეპორტიორები გამართლდნენ, მათი დამჭერ-გამსამართლებლები გამტყუნდნენ, ხოლო, თუ დავამატებთ იმას, რასაც ფოტორეპორტიორები ყვებიან მათი დაკავების შესახებ (ჭეშმარიტად სადისტურ ისტორიებს), იბადება კითხვა: მხოლოდ გამართლება საკმარისია, თუ დამნაშავეთა დასჯაც უნდა მოჰყვეს?!

 

ამასობაში კი, აწ უკვე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი უგულავამ (თან, იმ ფონზე, როდესაც „ევროპული საქართველო“ იფიცება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა, ერთი ისაა, რომ ერთ კანდიდატს უჭერენ მხარს) განაცხადა (მომყავს ციტატა):  „ეს ადამიანები არიან თუ არა ჯაშუშები, მე დღემდე არ ვიცი, რადგან მე ამ სასამართლოსა და პროკურატურას არ ვენდობი.“

 

იქვე კი დასძინა, რომ „ეს ორი ადამიანი (ანუ ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე) სპეკულანტია და დღეს ხელისუფლების ხელში არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული იარაღი.“

 

აქედან გამომდინარე კი, იმას გარდა, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს, ზემონახსენები კითხვის პასუხსაც ეფინება ნათელი: რაკი თავს ზემოთ ძალა არ არის, თავსაც ახლად ვერც ვერვინ იშობს.

 

ნინო ხაჩიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner