მიუხედავად ძველი მცდარი წარმოდგენისა, რომ მანდარინში გემოს გარდა, არაფერია სასიკეთო, ეს სუბტროპიკული მცენარე ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო მრავალ ნივთიერებას შეიცავს. მანდარინის ნაყოფი, როგორც დიეტური პროდუქტი, ზამთრის პერიოდში ორგანიზმს აჯერებს ვიტამინებით. მანდარინს აქვს სურავანდის საწინააღმდეგო მოქმედება, მადის აღმძვრელია და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
მანდარინს იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ. გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას. შეიცავს დიდი რაოდენობით ფენოლიკურ ამინომჟავას, სინეფრინს. ეს კარგად ცნობილი შეშუპებისა და შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებაა. ლორწოსგან ფილტვების გასათავისუფლებლად რეკომენდებულია ყოველ დილას ერთი ჭიქა მანადრინის წვენის დალევა. დიდი რაოდენობით მანდარინის წვენის მიღება ჰელმინთების (ჭიების) წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა.
მანდარინის კანი შედის სამკურნალო მცენარეების ნარევებში, რომელსაც იყენებენ მადისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი მწარე ნაყენების დასამზადებლად. მიიღება 10-20 წვეთის ოდენობით, კვებამდე 15-30 წუთით ადრე; მადის სტიმულაციისთვის რეკომენდებულია მანდარინის გამხმარი კანისაგან დამზადებული ნაყენის მიღება იგივე დოზით.
ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას მანდარინის გამხმარი კანის ნაყენი და წყალზე (1:10) ნახარში. ფაღარათით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, ძალიან სასარგებლოა ცოცხალი მანდარინი და მისი ახლადგამოწურული წვენი.
კანის დაავადებების დროს მანდარინში არსებული ფიტონციდების მოქმედება იმდენად მძლავრია, რომ მანდარინის ახლად გამოწურული წვენი კლავს ზოგიერთი სახის სოკოს (ტრიქოფიტია, მიკროსპორია). სოკოთი დაზიანებული კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ საჭიროა მრავალჯერადად იქნას შეზელილი მათში მანდარინის ნაყოფისა და კანისგან მიღებული წვენი.
მანდარინი და მანდარინის კანი მისი ფიტონციდური თვისებების გამო ანტიმიკრობულ მოქმედებას ავლენს. მანდარინის წვენი შეიძლება გამოყენებული იქნას გარეგანად სახმარად რძიანას დროს. მანდარინის წვენი და ნაყოფი ეფექტურია დიზენტერიის დროს. კლიმაქტერული პერიოდის ჭარბი სისხლდენების დროს მანდარინს სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად იყენებენ.
მანდარინში შემავალი ეთერზეთები აუმჯობესებს გუნება-განწყობას. დიაბეტის დროს მანდარინის კანის ნახარში ხელს უწყობს სისხლში შაქრის რაოდენობის დაქვეითებას. ამ მიზნით საჭიროა 3 ცალი ნაყოფის კანი ვადუღოთ 1 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში. ნახარში უნდა შევინახოთ მაცივარში გაუწურავად და მივიღოთ ყოველდღიურად.
მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, მანდარინს შეუძლია, ავნოს ადამიანს. ის აღიზიანებს თირკმელებსა და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე, ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.