logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: მასწავლებლები ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში
- +

15 დეკემბერი. 2018. 11:41

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა მათი დიდი დამსახურებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და მნიშვნელოვანი უწოდა კონფერენციას, სადაც ორი დღის განმავლობაში საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მოხდება.

 

„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს.

 

დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს  და თქვენი პროფესია  უფრო მეტად იყოს დაფასებული.

 

დღევანდელი მეექვსე კონფერენცია ეძღვნება „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს,“  და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, ამასთან, გაიზარდა მასშტაბები, რადგან კონფერენციაში საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობენ“, - განაცხადა მინისტრმა და სამინისტროს სახელით, მასწავლებელს სოფელ ჩიბათიდან, ლადო აფხაზავას, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის ყოფნა მიულოცა, რაც  მინისტრის თქმით, ძალიან საამაყოა.

 

სახელწოდებით „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციას  ორი დღის განმავლობაში გამართავს.

 

კონფერენციის მიზანს მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება და ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. მონაწილეები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბავშვების დაცვა ციფრულ სამყაროში, ღონისძიებები ბულინგისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე  ტექნოლოგიები საინტერესო გაკვეთილისთვის და სხვა. საკუთარ გამოცდილებას კოლეგებს  2017 და 2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი“ პედაგოგები გააცნობენ.

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ დანერგვის ხელშემწყობი სახელმძღვანელოების, ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული სამტომეულის ქართული თარგმანების პრეზენტაცია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner