თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა სამგორის რაიონის გამგებლად გიორგი ბაგრატიონის დანიშვნის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე ასევე ფრაქცია „რესპუბლიკელების" წევრის დავით ზურაბიშვილის ინიციატივა განიხილეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას გულისხმობდა.
წარმოდგენილ ცვლილებას, რომლის თანახმად, საკრებულოში ინიცირებული პროექტების განხილვა კონკრეტულ ვადებში უნდა მოხდეს, იურიდიულმა კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა.
კომისიის წევრებმა თანხმობა მისცეს საკითხს „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ", რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა წარმოადგინა.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ საკრებულოს დეპუტატებს „ვარდების მოედნისთვის" ძველი სახელწოდების -„რესპუბლიკის მოედნის" დაბრუნების ინიციატივით მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა მან სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას უკვე წარუდგინა.
იურიდიული კომისიის წევრებს საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლორთქიფანიძის ქუჩის (ყოფილი კაიროს ქუჩა) მცხოვრებლების განცხადება გააცნო, რომელშიც მოსახლეობა აღნიშნულ ქუჩაზე წყალკანალიზაციის სისტემის გაყვანას ითხოვდა.
ლია ჯახველაძის განმარტებით, პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება, რადგან თბილისში წყალკანალიზაციის სისტემა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) რეგულირების სფეროა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე თევდორე კობახიძის ინიციატივას დაუჭირეს მხარი.
პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ჯგუფმა, რომელიც GWP-ს, ასევე თბილისის მერიის და სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული და რომლის მუშაობაში ლია ჯახველაძეც იქნება ჩართული, კონკრეტული წინადადებები ორი კვირის მანძილზე უნდა შეიმუშაოს, რის შემდეგაც საკითხს კომისიის წევრები იურიდიულ საკითხთა კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.