ბუბა კუდავა საბჭოთა ოკუპაციის დღეს იხსენებს:
„1989 წლის 25 თებერვალი იდგა...
დიდი დღე იყო, ახალი ეპოქის დადგომას რომ მოასწავებდა, ისეთი.
„არაფორმალებს" და ახლადაზვირთებულ, თავისუფლებამოწყურებულ ხალხს, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, „დღესასწაულის" ნაცვლად დემონსტაციულად გლოვის დღის აღნიშვნა განეზრახათ. სახელების დარქმევის დრო დამდგარიყო და ბობოქრობდა ორივე მხარე - შავად მგლოვიარეთა და თბილ-თბილად ზეიმს დაჩვეულთა.
არც ტელევიზია იყო თავისუფალი, არც პრესა, ინტერნეტი ხომ სად იყო მაშინ, მაგრამ საოცარი დრო იყო, გამაბრუებელი სურნელის თავისუფლების სიო ქროდა და ყველა ყველაფერს უცებ იგებდა, ვინ საიდან და ვინ საიდან.
წინდაწინ ემზადებოდა ხალხი. მიდიოდა შავი სამოსის მომარაგებები, ფერად-ფერადი ტანსაცმლის შავად ღებვები და იყო დიდი ფუსფუსი, აღტკინება, მოლოდინი, მოვლენებისთვის სახელის დარქმევის სიხარული და იყო შიშიც, აქეთ-იქიდან მოძახილი შიში.
სკოლას ვამთავრებდით, სისხლი გვიდუღდა და ვერაფრით ვხვდებოდით, რა აშინებდათ ჩვენს მშობლებს. ჩვენ ხომ იმდენი ვიყავით და ისე ძლიერები, რომ ქვეყანას გადავდგამდით... არ გვესმოდა, რა აშინებდათ და რატომ ფიქრობდნენ, რომ სიმართლის მხარეს მდგარ ამოდენა ხალხს რამეს გაუბედავდნენ.
მეც ზოგი შევაღებინე და ზოგი სხვაგვარად ვიშოვე. მახსოვს, თეთრ „როლინგს" - ყელიან სვიტრს რომ ვერაფერი მოვუხერხე, შავი შარფით საგანგებოდ შევფუთე, ქურთუკიც ამოვიკარი და მოკლედ, თავიან-ფეხებიანად სულ ჩავშავდი. როგორი ამაყი ვიყავი!...
ბევრი ვიძალავე, მაგრამ ჩემი მეგობრების მსგავსად, არც მე გამიშვეს. თუმცა კონსესუსი შედგა - მამაჩემმა მანქანით მაინც წამიყვანა. მელიქიშვილზე გავჩერდით. ეპიცენტრამდე - უნივერსიტეტის ეზომდე მისასვლელი რუს სამხედროებს გადაეკეტათ (9 აპრილის მერეღა მივხვდით, რატომ არ ენდობოდნენ ასეთ დროს ქართველ მილიციელებს).
გადმოვედით. მანქანა დაკეტა მამაჩემმა და რაღაცის გარკვევას შეუდგა. ამ დროს დაიძრნენ ქუჩის მთელ სიგანეზე გაწყობილი ჯარისკაცები და მელიქიშვილზე მდგარ ხალხს ნელ-ნელა მიაწვნენ. მანქანასთან მეც მომადგნენ. გაიწიეო - ჯარისკაცმა რუსულად. ჩემი მანქანაა-მეთქი. მაშინ ჩაჯექიო. დაკეტილია-მეთქი. ესე იგი, შენი არ არისო. ჩემია-მეთქი. მთელი რიგი გაჩერდა. ოფიცერს გასძახა ამან. ოფიცერმაც იგივე. მეც იგივე. ამასობაში მამაჩემიც გამოჩნდა და მანქანა გამოარიდა ტერიტორიას.
უნივერსიტეტამდე ვერ მივაღწიეთ და ხინჯად მქონდა, რომ ვერ ვიგლოვე სათანადოდ. თუმცა მეამაყებოდა, რომ მტერს მტრულად დავუხვდი. პატარა ვიყავი და ცხოვრებაში პირველად ჩავხედე რუსის აფიცერს თვალებში.
მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ სულ რაღაც თვენახევარში ჩვენი მშობლების შიში გამართლდებოდა და რუსთაველზე სისხლი დაიღვრებოდა, სულ რაღაც 2 წელიწადში დამოუკიდებლობას გამოვაცხადებდით, სულ რაღაც 3 წელიწადში მთელი სამყარო გვცნობდა, ამის შემდეგ რუსეთი კიდევ ბევრჯერ დაგვიპყრობდა... ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ 27 წელი გავიდოდა, აქედან მეოთხედი საუკუნე დამოუკიდებელ საქართველოში ვიცხოვრებდი და სახელები კიდევ არ იქნებოდა დარქმეული...
25 თებერვალია. გილოცავთ, დღეს მტრისთვის მტრის სახელის დარქმევის დღეა!..."