logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: ვიყავი, ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის გუნდში!
- +

20 მაისი. 2016. 15:23


„ვიყავი, ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის გუნდში!" - ამბობს დეპუტატი ელისო ჩაფიძე. მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება" ერთადერთი ძალაა ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც გააჩნია სათანადო რესურსი, აკეთოს ბევრი სასიკეთო საქმე ქვეყნის განვითარებისთვის. რას ფიქრობს პარლამენტარი საარჩევნო გარემოსთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და როგორია მისი პოზიცია მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით - ამის შესახებ ის „რეპორტიორს" ესაუბრა:


- საარჩევნო სისტემაში ე.წ. გერმანული მოდელის შემოღების შესახებ კანონპროექტში არის რამდენიმე ფაქტორი, რასაც არ ვეთანხმები. დღეს საინტერესო იყო განხილვა და რაც უფრო მეტი შემოთავაზება იქნება საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე, მით უკეთესია. რაც შეეხება კონკრეტულად „გერმანულ მოდელს", ის მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს არის მთავარი არგუმენტი, რის გამოც ვფიქრობ, რომ მასთან დაკავშირებული საკითხის მიღება პარლამენტის მხრიდან იქნება უპერსპექტივო. ჩვენ თავისთავად ვალდებული ვართ, ვიმსჯელოთ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე და ვიფიქროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ „გერმანულ მოდელში" არის გარკვეული თავისებურებები, რაც ჩემში არ იწვევს დადებით შეფასებას.


- რომელ მოდელს უჭერთ მხარს?


- გონივრული იქნებოდა, საპარლამენტო ძალებმა დაუჭირონ, უფრო სწორად დაუჭირეს უკვე მხარი სისტემას, რაც გულისხმობს საარჩევნო ოლქების თანაბარ გადანაწილებას  და რაც უზრუნველყოფს უფრო სამართლიანი სისტემის შექმნას. მე მომხრე ვარ, ამ სისტემით ჩატარდეს არჩევნები. ასევე, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის შემდგომ ყოველი შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით. მე არ ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა ცუდი სისტემაა, მაგრამ ეს იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომელსაც შევუერთდით მაჟორიტარები.


- პრეზიდენტ მარგველაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ვეტო დაადოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში მიღებულ ცვლილებებს. თქვენ რა რჩევას მისცემდით ამ საკითხზე პრეზიდენტს? მოსალოდნელია თუ არა პრეზიდენტმა გამოიყენოს ვეტოს უფლება და დაძლევს თუ არა, მას პარლამენტი?


- ვფიქრობ, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს. მას ცალსახა შეფასებები ამ კანონპროექტან დაკავშირებით არ გაუკეთებია. კითხვები ნებისმიერ კანონპროექტზე იარსებებს. მე ამ კანონპროექტს მხარი დავუჭირე. ვხედავთ, რომ სასამართლო განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან; შესაბამისად, ეს იქნება გზა, რომ სასამართლო იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი. მოსამართლეები თავად აირჩევენ სასამართლოს თავმჯდომარეს, ანუ გარედან ჩარევა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში იქნება მინიმალური. თუკი არსებობს რაიმე შენიშვნები, ჩვენ, ბუნებრივია, ამ შენიშვნებს მოვისმენთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტისთვის არ იქნებოდა ვეტოს დადება გონივრული გადაწყვეტილება. ვეტოს კი დავძლევთ, მაგრამ კონფრონტაცია კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს დღეისათვის.


- „კაბელების საქმეზე" მიღებული გადაწყვეტილება როგორ აისახება ხელისუფლების რეიტინგზე? სამართლიანი იყო თუ არა გადაწყვეტილება?

 

- ეს გადაწყვეტილება შორსაა პოლიტიკური მოტივაციისგან. ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი ადამიანის დაკავება. ეს არავის უხარია ადამიანურად, დამერწმუნეთ, ძალიან დიდი ტვირთია გამოძიებისა და სასამართლო ხელისუფლებისთვის ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც უნდა შეასრულოს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება არის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოში არსებობს სხვა მექანიზმი, რომ თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია გაასაჩივროს როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო წესით. აქვე ვიტყვი, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო არაა რაღაც მოვლენების დრამატიზება, უნდა გავაგრძელოთ სამართლებრივი მეთოდებით საკუთარი სიმართლის მტკიცება.


- თამაზ მეჭიაურის ბოლოდროინდელ ქმედებებს რა შეფასებას მისცემთ? ის აპირებს პარტია დატოვოს? ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რამ განაპირობა ეს და ხომ არაა რაიმე სახის დაპირიპირება გუნდში, რომელიც არ ხმაურდება?


- თამაზ მეჭიაური არის ძალიან დადებითი პიროვნება. ის ჩემი უფროსი კოლეგაა და ვერ მივცემ თავს უფლებას, მისი ნაბიჯების შეფასებები გავაკეთო. მინდა, მას მომავალ საქმიანობაში ვუსურვო წარმატებები, არავითარი დაპირისპირება თამაზ მეჭიაურს არავისთან ჰქონია. უბრალოდ, არსებობს განსხავებული დამოკიდებულება, რომელიც პატივსაცემია, თუმცა არ ემთხვევა „ქართული ოცნების" ოფიციალურად გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე იღებს ბატონი თამაზი გადაწყვეტილებას - დატოვოს პარტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არავისთან არავითარი პიროვნული დაპირისპირება არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაფერია ჩემთვის ცნობილი. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ, ის ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთ სასიამოვნო კოლეგად დარჩება. 


- და ბოლოს, თუ ხართ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში და როგორია თქვენი გეგმები საარჩევნოდ?


- მე ვარ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში და გუნდში 2011 წლიდან და ძალიან ვამაყობ ამით. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს სიასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში მას პოლიტსაბჭო გაახმოვანებს, ჩემი პრეროგატივა არაა ამ ინფორმაციის გამოცხადება. ყველა შემთხვევაში, მე ვარ, ვიყავი და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის გუნდში და მაქვს სურვილი, ვიყო ბოლომდე იმ გუნდის გვერდით, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება ქვეყნისთვის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner