ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ჰოტოველიმ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების იერუსალიმში გადატანის საკითხი ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„მე საქართველოს დიდი გულშემატკივარი ვარ. ჩემი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან და საქართველოსთან პირადი სიყვარული მაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა საშუალება, ჰყავდეს პრეზიდენტად ქალი. ვულოცავ ქართველებს და ახალ მთავრობას ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ტექნოლოგიის, ეკონომიკის სფეროში და აქ ჩამოვედი, რათა გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა. მე ვისურვებდი ასევე მესაუბრა იერუსალიმზე, ჩვენს დედაქალაქზე. ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოს საელჩო გადასულიყო იერუსალიმში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ციპი ჰოტოველმა, რომელიც თელავში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრო.