თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გუშინ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.
„დღეს რთულია ისაუბრო შეზღუდვაზე საქართველოში, როდესაც 2012 წლის შემდეგ განსხვავებული მიდგომებია ამ მიმართულებით. დღეს საქართველოში არ იდევნებიან განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები. არც გუშინ არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა, უბრალოდ, მათ სურვილი ჰქონდათ შესულიყვნენ დაპირისპირებაში პოლიციასთან, მოეწყოთ პროვოკაციები, რომ დაემძიმებინათ ინაუგურაციის დღეს სურათი. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, იმ საქმიანობისთვის, იმ საქციელისთვის, რაც მათ გამოაჩინეს და აჩვენეს სრულიად საქართველოს და არა მხოლოდ სრულიად საქართველოს. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და პოლიციის მუნდირს, რომ პასუხი არ უნდა აგონ. აუცილებლად, უნდა იყოს გამოვლენილი ყველა ის ადამიანი და პასუხი აგონ კანონის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.