თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი მუსხელიშვილი ვაკის პარკში 1923 წლის 20 მაისს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახვრეტილი ქართველი მამულიშვილების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ვაკის პარკში, სადაც ქართველი ოფიცრების შთამომავლებმა თავიათი წინაპრები კიდევ ერთხელ გაიხსენეს, მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიც აღევლინა.
ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლებამ 93 წლის წინ ვაკის პარკის ტერიტორიაზე 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა, რომელთა შორის ილია ჭავჭავაძის დისშვილი, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი გენერალი კონსტანტინე აფხაზი იყო.
„მე დღეს ორი ფუნქცია მაქვს. პირველ შემთხვევაში, აქ როგორც ერთ-ერთი დახვრეტილი გმირის, როსტომ მუსხელიშვილის შთამომავალი ვიმყოფები და მეორე შემთხვევაში, დაღუპულ გმირებს პატივს როგორც საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი წევრი მივაგებ", - განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა და აღნიშნა, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახვრეტილი ქართველი მამულიშვილების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებას ტრადიციული ხასიათი აქვს და ის ვაკის პარკში ყოველწლიურად 20 მაისს აღინიშნება.
დღესვე ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების მემორიალური დაფების პრეზენტაცია გაიმართა.