ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მოახლოებულ არჩევნებზე, პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალ სახეებზე და პარტიასთან დაკავშირებით თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნიშნიანიძის აზრით, ოქტომბრის არჩევნების შედეგად მხოლოდ „ქართულ ოცნებას" აქვს შანსი, უმრავლესობაში მოვიდეს.
„ეს არჩევნები კარგი ტესტი იქნება. უმრავლესობით მოსვლის შანსი ერთადერთი „ქართულ ოცნებას" აქვს, არ მგონია, სხვა ძალამ ეს შეძლოს. აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ პიარი. დავანახვოთ ხალხს გაკეთებული საქმე.
პოლიტსაბჭოს ახალი სახეები ცნობადობით არ გამოირჩევიან, მაგრამ საინტერესო პიროვნებები არიან. ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, რამდენად მოვახერხებთ ჩვენ ამ ადამიანების გაპიარებას, ცოტა რთული საკითხია, თუმცა შესაძლებელი.
ვაპირებ, კენჭი ვიყარო როგორც მაჟორიტარმა, პარტია „ქართული ოცნების" მხარდაჭერით. მაქვს სურვილი, რომ ჩემი სახით პარლამენტში „ქართულ ოცნებას" ერთი ადგილი მოვუპოვო" , - განაცხადა ნიშნიანიძემ.