ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი აფანასიევის) ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, გზის 220-მეტრიან მონაკვეთზე, წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება.
სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს. მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, გამგეობა 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის რეაბილიტაციას დაიწყებს.
ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.
„მეტრომშენში, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დავპირდით, ყოფილი აფანასიევის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაწყებული. პირველ რიგში, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი იცვლება, რაც აქ მცხოვრებ ოჯახებს დღემდე, სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. მას შემდეგ, რაც კომპანია GWP წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებას დაასრულებს, საშუალება მოგვეცემა, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
მელიქიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის შეცვლა ორ კვირაში დასრულდება, ხოლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის იანვარში დაიწყება.