logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ხუთი წელი მაინც გამოსცადონ, რას ნიშნავს ციხე!..
- +

ავტორი ილონა ცაცუა

18 დეკემბერი. 2018. 16:24

 

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ. ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურაბ მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოიტანა.

 

ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა „რეპორტიორთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ელოდა ამ შედეგს, რადგან  ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობდა ბევრი მტკიცებულება და მოწმე.

 

„ველოდი, რომ ასე იქნებოდა. იმდენი მტკიცებულება იყო, იმდენი მოწმე ამ საქმეში, რომ  შეუძლებელი იყო, ასე არ მომხდარიყო. მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ  იმ განაჩენით, რაც დადგა, თუმცა, რა თქმა უნდა, რაც ჩაიდინეს, მათ მეტი ეკუთვნით. თუმცა, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ხუთი წელი მაინც გამოსცადონ, რას ნიშნავს ციხე, თუმცა არა ისეთი, როგორიც მათ შექმნეს, ახლა ნამდვილად სანატორიუმია და არა ციხე. ასევე მინდა  აღვნიშნო მათი ოჯახის წევრების და მომხრეების ქცევა, ისეთი ამბავი ატეხეს სასამართლოზე, კივილი, წივილი, შეურაცხყოფა. პროკურორ ნეფარიძეს მათი ნასროლი ნივთი მოხვდა საფეთქელთან,  კიდევ კარგი, რომ გადარჩა. სისხლდენა ჰქონდა და გაიყვანეს ექიმთან. ამით მინდა ხაზი გავუსვა მათ სახეს, რას წარმოადგენენ და როგორ იქცეოდნენ მაშინ, როდესაც ძალაუფლება მათ ხელში იყო“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურაბ მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner