იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის მონიტორინგის უწყებათაშორისი საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართება, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში, ღასან ხალილი უძღვებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს რამდენიმე უწყების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებების აღსრულების მდგომარეობისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ.
კერძოდ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრები გაეცნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაწესებულებების ავტორიზაციის წესისა და საჯარო დაწესებულების კონტროლის განხორციელების სტანდარტებთან დაკავშირებით.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებასთან, საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემასთან და მუნიციპალიტეტების მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის შესახებ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან წარმოდგენილი იყო ინფორმაცია შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე გაიმართა სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის ხარჯთაღრიცხვის კვლევის ანგარიში, რომელიც მომზადებულია ISET-ის მიერ UNICEF-ის დაკვეთით, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს მიიღო, რის საფუძველზეც საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო. მისი მიზანია საქართველოში ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა, თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება.
ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის უწყებათაშორისი საბჭო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან2017 წელს შეიქმნა. საბჭოს საქმიანობის მიზანია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობა და ზედამხედველობა.