მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„ძვირფასო საზოგადოებავ! დღეს აღსრულდა სამართალი, 14 წლის შემდეგ. გვიან მაგრამ მაინც დადგა ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დღე, არა მარტო ჩემი ოჯახისთვის ,არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იმედი მაქვს, დღეიდან დაიწყება სამართლიანობის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში. რისთვისაც ვიბრძოდით ყველა ერთად ამდენი წლები. დღეიდან უნდა დაიწყოს ყველა გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეების გამოძიება და დასრულება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლე დავით მგელიაშვილს, დიდი მადლობა ახალგაზრდა პროკურორების გუნდს, დიდი მადლობა საინფორმაციო საშუალებებს, ჟურნალისტებს, დიდი მადლობა საზოგადოებას ,დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ყველას ვინც ჩემს გვერდით იდგა მთელი სასამართლო პროცესების განმავლობაში ,დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ,ვისაც გული შესტკიოდა ჩემს ტრაგედიაზე. მინდა დაგლოცოთ და ბედნიერი დამდეგი ახალი წელი გისურვოთ. უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას . აღარასოდეს განმეორებულიყოს ისეთი ტრაგედიები როგორიც ჩემს ბუტას დამართეს“, - წერს მეტრეველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია.
რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.
დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.
ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.
ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანადებობის დაკავების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ამ დროისთვის გაურკვეველი ნივთი ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. ამ წუთებში დარბაზში ექიმია მიყვანილი.
ამასთან, ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც სასამართლომ სხვა პირების მსგავსად დამნაშავედ ცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, დაკავებულების ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ. ხმაური დარბაზში ამ წუთებშიც გრძელდება.