„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„პოლიციის მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქ. გურჯაანში დაკავებული არიან შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ამასთან, დავით კირკიტაძესთან ერთად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კი პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.
კირკიტაძე 16 დეკემბერს გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა.