logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: „ევროპალიის“ ფესტივალის მასპინძელი ქვეყნის როლი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას ევროკავშირში
- +

19 დეკემბერი. 2018. 13:01

 

ელჩების კონფერცია 2019-ის ფარგლებში დავით ზალკალიანი საქართველოსთვის „ევროპალიის“ მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა და საქართველოს, ქართული კულტურისა და ღირებულებების შესახებ ცნობადობის გაზრდისთვის ღონისძიების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

 

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ის, რომ საქართველომ მიიღო უფლება, 2022 წელს უმასპინძლოს „ევროპალიის“ ფესტივალს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება, შეიძლება ითქვას, რომ ის მნიშვნელობით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფესტივალს უტოლდება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ევროპის დედაქალაქად წოდებულ ბრიუსელში და ბელგიის სხვა ქალაქებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში უმასპინძლოს კულტურულ ღონისძიებებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი  ნაბიჯი გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი  ღონისძიება ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, ჩვენი ღირებულებებისა და კულტურის ძალიან აქტიურად წარმოჩენას ევროკავშირში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით გაწეული სამუშაოები და მიღწეული წარმატებები და ხაზი გაუსვა ამ პროცესის განგრძობითობის აუცილებლობას.

 

„გვქონდა ფრანკფურტის ბაზრობა, ახლა კი გვექნება ევროპალია, შესაძლებელია, მათ შორის არა ამ მასშტაბის, მაგრამ მცირე ზომის ღონისძიებები დაიგეგმოს და ესეც არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პრიორიტეტი, რაც ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის ჩარჩოებში ჯდება“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ევროპული კულტურის ფესტივალი „ევროპალია“ (Europalia), სამეფო ოჯახის პატრონაჟით, ყოველ ორ წელიწადში  ბელგიაში იმართება და სექტემბრიდან იანვრამდე გრძელდება. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანობაში ეძღვნება აღნიშნული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 400 ღონისძიება ეწყობა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner