„გვინდა, დეტალურად წარმოგიდგინოთ დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებამდე. ზუსტად გითხრათ რას გულისხმობს ის დაროგორ ჩამოვყალიბდით ამ თემის რეგულირებასთან დაკავშირებით. მოვისმენთ თქვენს მოსაზრებებს, საჭიროების შემთხვევაში გადავამუშავებთ კანონპროექტებს, რის შემდეგ მოვახდენთ ინიცირებას და დაიწყება საპარლამენტო განხილვები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა სექსუალური შევიწროების რეგულირების საკითხებზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პრეზენტაციაზე.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ასევე: USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ შმიდტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა.
შეხვედრაზე გაიმართა სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია.
ცვლილებების თანახმად: სექსუალური შევიწროების საკითხი დარეგულირებული იქნება როგორც საჯარო სივრცეში, ასევე შრომით ურთიერთობებში. აღსრულების მექანიზმად საჯარო სივრცეში განსაზღვრულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შრომით ურთიერთობებში - სახალხო დამცველი.
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირების მიზნით ცვლილება შევა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, სადაც მოცემული იქნება „სექსუალური შევიწროების“ დეფინიცია. ასევე, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, კოდექსში გათვალისწინებული იქნება სანქციები.
შრომითი ურთიერთობების ნაწილში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირების მიზნით ცვლილებები შევა რამდენიმე კანონში, კერძოდ: „შრომის კოდექსში“, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ და „სახალხო დამცველის შესახებ კანონში“.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადებულია გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით.
სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველის ოფისისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხედვები. მოხსენებების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.