განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სსიპ -განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამისა და ცენტრის საქმიანობის ახალი პერსპექტივების შესახებ ანგარიში წარუდგინა და ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2018წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა 9პროგრამა, გაიცა 191 სტიპენდია, ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 494 000 ლარით დაფინანსდა.
2018 წელს ქვეყანაში დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა ინიციატივით შეიქმნა „ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც მიზნად ასოციაციის წევრთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას და პროფესიულ განვითარებას ისახავს.
ღონისძიების დასასრულს, კურსდამთავრებულთა პანელის ფორმატში, ცენტრის ათამდე ბენეფიციარმა საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება, ხედვა და სამომავლო გეგმები გაუზიარა.
დაარსების დღიდან, ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის650-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა.
მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი 2019წელს დამატებით ორ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას გამოაცხადებს. პროგრამები „იტალიის რექტორთა საბჭოსა“ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ან ნაწილობრივი თანადაფინანსებით განხორციელდება. საპილოტე პროგრამების ხარჯზე ცენტრს 20-მდე სტიპენდიატი დაემატება. ასევე საქართველოში არსებულ ბიზნესთან თანამშრომლობით იგეგმება ბიზნესის ადმინისტრირების დარგში ახალი სასტიპენდიო სქემის გამოცხადება, სადაც სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად და პროფესიული გადამზადებისთვის 5-10 სტიპენდია გაიცემა.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსის მობილიზებისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მიეცეს საშუალება, მიიღოს საერთაშორისო განათლება“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელობას წარმატებული მუშაობისთვის და კომიტეტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.