საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ არაერთი ღონისძიება დაიგეგმა.
მათ შორის არის პროექტი „დროის ამბავი", რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისადმი მიძღვნილი კამპანიის ნაწილია. პროექტის იდეა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის, ე.წ. დროის კაფსულით მომავალში შეტყობინების გაგზავნას გულისხმობს.
ადმინისტრაციის ცნობით, „დროის ამბავი" ჩვენი ქვეყნის წარსულის ისტორიულ, კულტურულ, სპორტულ თუ ყოვედღიურ ამბებს აერთიანებს. აქ თავმოყრილია ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიას უკავშირდება.
ამავდროულად, ეს არის პლატფორმა, სადაც დღესაც იქმნება და გროვდება მომავლისთვის განკუთვნილი მასალები, გზავნილები, რომლებსაც მომავალი თაობა 25 წლის შემდეგ იხილავს. „დროის ამბავი" ერთგვარი ვირტუალური ხიდია წარსულსა და მომავალს შორის.
პროექტი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, შესაძლებლობას აძლევს სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე (www.droisambavi.ge) ატვირთოს ვიდეოგზავნილი, გამოაგზავნოს ფოტო, ან წერილობითი დოკუმენტი. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, შეტყობინება გააგზავნონ 25 მაისის ჩათვლით. ხოლო 26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე, მოხდება კაფსულის ჩადება, რომელიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება.
„დროის ამბავის" იდეა მთავრობის ადმინისტრაციის პიარდეპარტამენტს ეკუთვნის, კრეატიულ კონცეფციასა და ტექნიკურ მხარეზე კი ციფრულმა კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა" იმუშავა.