logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: თქვენ უნდა გახდეთ თანამონაწილე იმ ძირეული რეფორმისა, რასაც ასე საჭიროებს განათლების სისტემა
- +

20 დეკემბერი. 2018. 10:37

 

19 დეკემბერს განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ცენტრის ერთი წლის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და ცენტრის თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მიხეილ ბატიაშვილმა ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ახალგაზრდებს მიმართა.

 

„მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია - დაფინანსებულია 650-მდე  სტუდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ. მნიშვნელოვანია პროგრამების მრავალფეროვნებაც, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა მიმართულებას. ყოველწლიურად, კიდევ უფრო გაიზრდება ახალგაზრდების დაფინანსება, რადგან თქვენ ის მომავალი ხართ,  რომელმაც  ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს. თქვენ ყველაზე კარგად იცით განათლების ფასი და სწორედ თქვენ უნდა გახდეთ თანამონაწილე იმ ძირეული რეფორმისა, რასაც ასე საჭიროებს განათლების სისტემა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ საზოგადოებას მიმდინარე და ახალი სასტიპენდიო სქემების, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამისა და ცენტრის საქმიანობის ახალი პერსპექტივების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.

 

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა 9 პროგრამა, გაიცა 191 სტიპენდია, ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლა სახელმწიფოს მიერ 6 494 000 ლარით დაფინანსდა.

 

მიმდინარე წელი საპარტნიორო პროგრამებით იყო გამორჩეული. ცენტრის თანამშრომლობითი პროგრამების შესახებ პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა ისაუბრეს.

 

2018 წელს ქვეყანაში დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა ინიციატივით შეიქმნა „ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც მიზნად ისახავს ასოციაციის წევრთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას და პროფესიულ განვითარებას.

 

ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულთა პანელის ფორმატში ცენტრის ათამდე ბენეფიციარმა საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება, ხედვა და სამომავლო გეგმები გაუზიარა.

 

დაარსების დღიდან ცენტრმა 650-ზე მეტი  სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

2019 წელს ცენტრი დამატებით ორ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას გამოაცხადებს. პროგრამები „იტალიის რექტორთა საბჭოსა“ და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ან ნაწილობრივი თანადაფინანსებით განხორციელდება.  საპილოტე პროგრამების ხარჯზე ცენტრს 20-მდე სტიპენდიატი დაემატება. ასევე საქართველოში არსებულ ბიზნესთან თანამშრომლობით იგეგმება ბიზნეს ადმინისტრირების დარგში ახალი სასტიპენდიო სქემის გამოცხადება, სადაც 5-10 სტიპენდია სამაგისტრო ხარისხის მოსაპოვებლად და პროფესიული გადამზადებისთვის გაიცემა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner