პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთავრობის მუშაობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ წელს მსოფლიო ბანკის მიერ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო მე-6 ადგილზე დასახელდა და ეს ძალიან დიდი წარმატებაა.
„ამავე დროს, ჩვენ სხვა რეიტინგებში დავწინაურდით. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელიც ამა თუ იმ მთავრობის საქმიანობას, ფაქტობრივად, 360 გრადუსიან ანალიზს უკეთებს. აქ ჩვენ 162 ქვეყნიდან მე-7 ადგილზე ვართ. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ძალიან ცნობილი რეიტინგით 180 ქვეყნიდან ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ. ღია ბიუჯეტის ინდექსით, რომელიც ზომავს ბიუჯეტის გამჭვირვალობას, თუ რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება ბიუჯეტის სახსრები, ჩვენ ვართ მე-5 ადგილზე. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში. თუ 2012 წელს ჩვენ 131-ე ადგილზე ვიყავით, წელს ვართ 45-ე პოზიციაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო ყოველ წელს აუმჯობესებს თავის რეიტინგს და თუ 6 წლის წინ 104 ადგილს იკავებდა, წელს 61-ზე გადაინაცვლა.
„ამასთან ერთად ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიის მთავარი ხედვა გახლავთ, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი ისტორიული როლი და ეს როლი ყოველთვის გახლდათ ის, რომ საქართველო ყოველთვის იყო რეგიონის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. სწორედ ამისთვის გვჭირდება, რომ საერთაშორისო რეიტინგებში მაქსიმალურად წარმატებულები ვიყოთ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მიღწევა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და საქართველო ყველა რეიტინგის ტოპ-ხუთეულში იყოს. ამავე დროს, ძალიან ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანა გახლავთ, რომ 2023 წელს საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც არის მთავარი წინაპირობა, რომ ჩვენ ქვეყანა დავაყენოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების გზაზე. არცერთ რეიტინგს, არცერთ სტრატეგიას არანაირი აზრი არ აქვს, თუ ეს არ ემსახურება მთავარს, ჩვენს შემთხვევაში სიღარიბის დაძლევას და ჩვენს შემთხვევაში მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.