ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ძი იანჩი საქართველოს პარლამენტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს გაეცნო.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ, პარლამენტის აპარატში მიმდინარე ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ საუბარს დაეთმო პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ძი იანჩის სამუშაო შეხვედრა.
აპარატის უფროსმა ჩინელ დიპლომატთან პარლამენტის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ახალ ფუნქციებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების მიმართულებებზე და ამ პროცესში პარლამენტის აპარატის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ აპარატში მიმდინარე რეფორმირების პროცესი, რაც სასწავლო და კვლევითი ცენტრების გაძლიერებას, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან ინტენსიურ კომუნიკაციას გულისხმობს, პარლამენტის საქმიანობას კიდევ უფრო ქმედითსა და ეფექტიანს გახდის.
შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ბიბლიოთეკას უახლოეს პერიოდში საჩუქრად გადაეცემა, ბიბლიოთეკაში დაცული დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარება.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები მიმოიხილეს და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები.
ძი იანჩიმ 2019 წელს საპარლამენტო დელეგაციების ორმხრივი ვიზიტების გამართვის ინიციატივა გამოთქვა და აღნიშნა, რომ გაცვლითი ვიზიტებით ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობა კიდევ უფრო საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გახდება.
ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, გივი მიქანაძემ ჩინეთის საელჩოს მიერ დაფინანსებულ საჯარო მოხელეთა საერთაშორისო სწავლების პროგრამებში, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ტარდება ყოველწლიურად, პარლამენტის აპარატისთვის ერთი კვოტის გამოყოფის ინიციატივა გამოთქვა. ინიციატივის პასუხად ჩინელმა დიპლომატმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ორი ადგილის გამოყოფის მზაობა დაადასტურა.
ძი იანჩიმ, ასევე, პარლამენტის აპარატის სტამბის მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საკითხს დეტალურად გაეცნობა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.