„მთავრობის წლიური ანგარიში არის ნამდვილად შთამბეჭდავი და ამავდროულად იყო ძალიან საინტერესოდ ხაზგასმული ის მიზნები, ამოცანები, ორიენტირები, რომელიც უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის 2018 წლის ანგარიშს, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.
ღონისძიებას ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად დაესწრო.
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მთავრობასთან ერთად, საქართველოს შემდგომ წინსვლას და განვითარებას უზრუნველყოფს.
„დღეს ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა ამ წლის განმავლობაში ქვეყანაში საქართველოს მთავრობის მიერ. ეს ანგარიში არის ნამდვილად შთამბეჭდავი და ამავდროულად, იყო ძალიან საინტერესოდ ხაზგასმული ის მიზნები, ამოცანები, ორიენტირები, რომელიც უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში და აქ ძალიან საინტერესოდ იყო გამოკვეთილი ორი ძირითადი ამოცანა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე.
ასევე, საუბარი იყო მოკლევადიან პერსპექტივაზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენც, რა თქმა უნდა, მთავრობასთან ერთად. ამის ნაწილია საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც განიხილება საქართველოს პარლამენტის მიერ მომდევნო წლის განმავლობაში და ჩვენ მთავრობასთან ერთად, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.