logo_geo
eng_logo
ლაშა ონიანი: არ ვაპირებთ, მაყურებელს იმედები გავუცრუოთ!
- +

20 მაისი. 2016. 19:46


„არ ვაპირებთ, მაყურებელს იმედები გავუცრუოთ!" - განაცხადა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველის" რეჟისორმა ლაშა ონიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. ონიანის თქმით, ამ პროექტზე ხელოვანთა საკმაოდ დიდი ჯგუფია დაკავებული და ფოქრობს, რომ არსებული მოლოდინი 95%-ით მაინც შესრულებულია.

 

„ვინაიდან მოლოდინი ძალიან დიდია, არც ვაპირებთ, რომ იმედები გავუცრუოთ მაყურებელს. რათა ეს მოლოდინი შესრულდეს, ამისთვის დაკავდნენ ის ხელოვანი ადამიანები, რომლებიც გამოცდილები არიან და მთელი ცხოვრება სცენასა და კინოეკრანებზე აქვთ გატარებული. მინდა, ბოლომდე ვენდო ყველას. ამ პროექტს უბრალოდ ახლავს რაღაც სირთულეები. არის ძალიან რთული სამუშაო და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პროფესიონალები იდგებიან სცენაზე. ეს ეხება არამარტო მსახიობებს, არამედ მუსიკალურ მხარეს, მთლიანად ორკესტრს, სოლისტებსა და ა.შ. და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ძლიერი პროფესიონალები დგანან სცენაზე. ეს წარმოადგენს საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფს. დაახლოებით 115 მუსიკოსი-მომღერალი, ასევე საბალეტო დასის დაახლოებით 26 მოცეკვავე,   თეატრისა და კინოს 22 მსახიობი.

 

რატომღაც ჩნდება ხოლმე კითხვა - ასე სწრაფად როგორ და რანაირად? წლების მანძილზე იქმნებოდა მუსიკა, რამდენიმე კომპოზიცია ერთ-ორ ათეულ წელს ითვლის და ასე ნელ-ნელა მოვდივართ. თვითონ ეს ნაწარმოები სკოლის პერიოდში წავიკითხე და იდეის ავტორი ზაზა როცა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ხომ არ გავაკეთოთ „სამოსელი პირველი", ვუთხარი, „სამოსელი პირველი" წინა საუკუნეში წავიკითხე-თქო. თუმცა, რომ გადავავლე თვალი ამ წიგნს, ვიფიქრე, კი არის 70-იანი წლების ბოლოს დაწერილი, მაგრამ ქართველებს გაგვყვება ეს ნაწარმოები, სანამ ვართ და ვიქნებით. ძალიან საინტერესოა და ამიტომ დავთანხმდი. შემდეგ შევთანხმდით, რომ ეს გაკეთდება ჩქარ ტემპში (კარგი გაგებით ვამბობ, არ ვგულისხმობ დაჩქარებულს), რომ ისეთი ადამიანები უნდა დაკავდნენ, რომლებიც ამ ყველაფერს განსაზღვრულ დროში „აკრეფდნენ". ამიტომ გვყავს მიხეილ გომიაშვილი, დათო როინიშვილი, გოგა პიპინაშვილი, ნანა შონია და ა.შ. 22-ვე მსახიობი არის პროფესიონალი და ყველა მათგანს ხედავთ ან სცენაზე, ან კინოში და ტელეეკრანზე. ვფიქრობ, რომ ის მოლოდინი, რაც არის, 95%-ით მაინც შესრულებულია", - ამბობს ლაშა ონიანი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner