logo_geo
eng_logo
ზაზა მარჯანიშვილი: დროა საქართველოში „კანუდოსი“ აშენდეს!
- +

20 მაისი. 2016. 19:48


მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველის" იდეის ავტორი და კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საუბრობს იმ მიზეზებზე, რატომაც გადაწყვიტა, ეს იდეა განეხორციელებინა. მარჯანიშვილი ამბობს, რომ მასზე წიგნმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გაუჩნდა იდეები, რომლებმაც შემდეგ სერიოზული სახე მიიღო და ასე მოხდა ამ იდეის განხორციელებისათვის ხელოვანთა ჯგუფის გაერთიანება.



„წავიკითხე თუ არა „სამოსელი პირველი", მივხვდი, რომ ეს არის იმ მცირერიცხვოვან წიგნებს შორის, რომელსაც არ აქვს დრო და ყოველთვის აქტუალურია. ჩვენდა სამწუხაროდ, ადამიანთა ძალიან დაბალი ცხოვრების სტილის გამო, ასეთი წიგნები ყოველთვის არის აქტუალური, ყოველთვის გვაჩვენებს ჩვენს შეცდომებს და იმას, რომ კიდევ უნდა გავიზარდოთ და არასდროს უნდა გადავწყვიტოთ, რომ უკვე გაზრდილები და კარგები ვართ. არასდროს უნდა მოგვეწონოს ჩვენი თავი, უნდა გვიყვარდეს, მაგრამ არასდროს უნდა მოგვეწონოს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რაც მე ამ წიგნში წავიკითხე და ვისწავლე.

 

რა თქმა უნდა, საოცარი შთაბეჭდილება დატოვა პირველივე წაკითხვისთანავე. საბჭოთა კავშირის პერიოდში აკრძალული ხილის გემო ჰქონდა, რადგან იქ გაჟღერდა ჯერ ერთი, ლუკას სახარებიდან „უძღები შვილის" იგავი, ასევე თავისუფლების იდეა, რომლისაც ყველას ეშინოდა იმ პერიოდში და  მივხვდი, რომ ეს არის წიგნი, რომელიც ჩემთან ყოველთვის ახლოს დარჩება და იქნება ჩემი სამაგიდო წიგნი. აქედან გამომდინარე, წამოვიდა რაღაც იდები, ჩემი სულელური, ახალგაზრდული აზრებიდან გამომდინარე. ჯერ რეჟისორობა გადავწყვიტე და ვოცნებობდი ფილმის გადაღებაზე, შემდეგ გადავწყვიტე, რომ დამეწერა მუსიკა და უკვე ამერიკაში ყოფნისას რამდენიმე კომპოზიცია შევქმენი და გავაცანი ბატონ გურამ დოჩანაშვილს, ჩემი ჩამოსვლის შემდეგ კი სერიოზული ფორმა მიიღო ამ იდეამ. ვისაც აქვს წაკითხული, კარგად იცის, რა არის კანუდოსი და მისი იდეა.  ვფიქრობ, უკვე არის დრო საქართველოში კანუდოსის აშენებისა  და ძალიან მოხარული ვარ, ეგო არ მალაპარაკებს, გული მალაპარაკებს რომ ეს შემადგენლობა არის ის, ვინც გაითავისა, რომ კანუდოსი უნდა აშენდეს საქართველოში. ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისა. შეიძლება, მხოლოდ იცოცხლო, მაგრამ არ იცხოვრო, ახლა უკვე არის დრო   ცხოვრებისა და არა მარტო არსებობისა", - ამბობს ზაზა მარჯანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner