„საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კვლევითი ცენტრის დაფუძნება, რაც უკვე გათვალისწინებულია ახლად მიღებული რეგლამენტით“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ გამართულ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე „პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება: გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ დამსწრეებს მიმართა.
მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებასთან ერთად, ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად მმართველობის სისტემაში პარლამენტის როლის გაძლიერებას ითვალისწინებს.
„ჩვენ ვაყალიბებთ სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის სისტემას, სადაც პარლამენტს ეკისრება საკვანძო როლი კონსტიტუციურ სისტემაში და რა თქმა უნდა, ეს ცვლილება მოითხოვს მის პრაქტიკულ განხორციელებას. ერთია კონსტიტუცია, ერთი არის კონსტიტუციური ჩარჩო და მეორეა ის, თუ რამდენად წარმატებით განხორციელდება ეს ყველაფერი პრაქტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმთავრესი ამოცანა შესაბამისი პრაქტიკული რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელებაა. მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა.
„ამ დოკუმენტის შემუშავებას წინ უძღოდა ძალიან ფართო პროცესი, რომელშიც იყვნენ ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და ამ ფართო დისკუსიების შედეგად მოხერხდა ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის შემდგომ გაძლიერებას. მინდა ამ პროცესის სათანადოდ, წარმატებული წარმართვისთვის, კიდევ ერთხელ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს, რომელიც იყო ამ პროცესის ლიდერი მთელი ამ თვეების განმავლობაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ძირითად ფუნქციებზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობები ჯერ სათანადოდ განვითარებული არ არის და ამ ცვლილებების პრაქტიკულ განხორციელებას რეფორმა ესაჭიროება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინსტიტუციური რეფორმის ერთერთი შემადგენელი ნაწილია კვლევითი ცენტრის დაფუძნება.
„როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტზე, უნდა გამოვყოთ მისი ორი ძირითადი ფუნქცია: ეს არის კანონშემოქმედება და ეს არის ზედამხედველობა. ორივე მიმართულებით არის ბევრი რამ გასაკეთებელი, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი პარლამენტის ტრადიციული, მთავარი სისუსტე მაინც მდგომარეობდა იმაში, რომ არ იყო სათანადოდ განვითარებული მისი საზედამხედველო ფუნქციები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ამ ფუნქციის განვითარება საქართველოს პარლამენტში. ბუნებრივია, იმ ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც არის უკვე ასახული კონკრეტულ დოკუმენტებში, კონსტიტუციაში, რეგლამენტში, ასევე, სხვა საკანონმდებლო აქტებში, სჭირდება შესაბამისი რესურსები საქართველოს პარლამენტში. შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობები ჯერჯერობით არ არის სათანადოდ განვითარებული. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებების პრაქტიკულ განხორციელებას ესაჭიროება პარლამენტში ინსტიტუციური რეფორმა, მათ შორის, ეს შეიძლება გულისხმობდეს რეორგანიზაციას, რაზეც აქტიურად წარიმართება მუშაობა საქართველოს პარლამენტში და ამ ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რაზეც დღეს გვექნება კონკრეტულად საუბარი. ეს არის კვლევითი ცენტრის დაფუძნება, რაც უკვე არის გათვალისწინებული ახლად მიღებული რეგლამენტით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პარლამენტს კვლევით ცენტრთან დაკავშირებით, ამბიციური გეგმები აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კვლევითი ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნდება და სათანადო რესურსები ექნება საკუთარი საქმიანობის ფართოდ გასაშლელად. ირაკლი კობახიძემ ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც კვლევითი ცენტრისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება გადაწყდა.
„საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს მეტი რესურსი, რომ განავითაროს როგორც საკუთარი შიდა რესურსები, ასევე, სათანადოდ მოიზიდოს გარე რესურსები კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად და ვფიქრობთ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო სათანადო, ყველაზე შესაბამისი, შესატყვისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა ამ ამოცანების გადასაჭრელად და ამ მიზნების მისაღწევად. ამ სტატუსით კვლევით ცენტრს ექნება სათანადო შესაძლებლობა, რომ ფართოდ ჩართოს საკუთარ საქმიანობაში აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად გაიხსნება საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება აკადემიური წრეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი შეფასებით, სამწუხაროდ, დღემდე სუსტია აკადემიური სფეროს კავშირი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთერთი უმთავრესი ამოცანა ამ პროცესში მომავალი მკვლევარების აქტიური ჩართვაა.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, როდესაც ვსაუბრობთ ამ კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებაზე, გახლავთ სწორედ ეს, რომ მეტად დავამყაროთ მჭიდრო კავშირი აკადემიურ წრეებს, აკადემიურ ინსტიტუტებსა და საჯარო გადაწვეტილებების მიღების პროცესს შორის და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კვლევითი ცენტრი მოემსახურება აკადემიურ ინსტიტუტებსა და საქართველოს პარლამენტს შორის შესაბამისი კავშირების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ასევე, კვლევითი ცენტრი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პერსპექტიული ახალგაზრდები, მომავალი მკვლევარები, აკადემიური სფეროს მომავალი, ასე ვთქვათ, რესურსი, ჩვენ აქტიურად ჩავრთოთ საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ესეც იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ხაზი გაუსვა კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. მისი თქმით, „ჯერჯერობით ცენტრი მხოლოდ ქაღალდზე, რეგლამენტის დონეზე ფუნქციონირებებს“ და ახლა, მისი დაკომპლექტება და სათანადო სამუშაო გეგმის ჩამოყალიბებაა საჭირო. ირაკლი კობახიძემ ყველა დაინტერესებულ მხარესთან - საერთაშორისო პარტნიორებთან, ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება მენეჯმენტის ჩამოყალიბებას და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცენტრის ხელმძღვანელისა და პერსონალური შემადგენლობის ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად შერჩევას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვხედავთ, რომ უკვე ინტერესი არის საკმაოდ დიდი და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას იმისა, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველასთან, რათა საბოლოო ჯამში მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზანს, ეს საერთო მიზანი გახლავთ კვლევითი ცენტრის სათანადოდ ჩამოყალიბება, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ პარლამენტმა საუკეთესოდ შეასრულოს ის საკვანძო როლი, რომელსაც მას აკისრებს საქართველოს კონსტიტუცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დამსწრეებს მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა.
ლუიზა ვინტონმა პარლამენტის კვლევითი ცენტრის დაფუძნებისა და პარლამენტის ანალიტიკური და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სახელით, მხარდაჭერა დაადასტურა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ასუნსიონ სანჩეს-რუისმა.
თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პრეზენტაცია „პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება: გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების წარმოდგენილი მოდელი საუკეთესო ექსპერტების მიერაა შეფასებული და რეკომენდებული.
„წელიწადზე მეტი, პარლამენტების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში წლების განმავლობაში საუკეთესო კვლევით ცენტრებს ხელმძღვანელობდნენ, მუშაობდნენ საქართველოს პარლამენტთან. სწორედ ისინი აფასებდნენ და აანალიზებდნენ, როგორ კეთდება სისტემა, სად არის ხარვეზები, როგორი უნდა იყოს კვლევითი ცენტრი და მათი რჩევის შედეგად, მივედით გარკვეულ დასკვნებამდე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილმა არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კვლევითი ცენტრის შექმნა პარლამენტის ყველა მიმართულებით გაძლიერებას ემსახურება.
„ეს არის მთავრობის ეფექტური ზედამხედველობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო პროცესის ხარისხის დახვეწა და გაუმჯობესება, პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით, რომელიც კვლევას და ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს. სწორედ ამიტომ, კვლევასა და ფაქტებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის წარმოება და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება - ეს არის პარლამენტის ერთი-ერთი ამოცანა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
საჭიროებებზე საუბრისას, თამარ ჩუგოშვილმა გაუმჯობესებული საკანონმდებლო ანალიზისა და კვლევაზე დაფუძნებული საზედამხედველო საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„კომიტეტებმა ახალი ფუნქციები მიიღეს და საჭიროა, მათ ზურგს უმაგრებდეს კვლევითი საქმიანობა, შეფასება იმისა, თუ როგორია მოქმედი კანონმდებლობა. კვლევაზე დაფუძნებული საზედამხედველო საქმიანობა უმნიშვნელოვანესია, რადგან თუ გვინდა საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება, მას ვერ განვახორციელებთ მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით. პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა კვლევით და ანალიტიკურ დონეზე, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას, კომპეტენტური კითხვები დაუსვან მთავრობის წევრებს და დასვან კრიტიკული საკითხები. ეს პარლამენტის იმიჯისთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს უმაღლეს სასწავლებლებსა და მათ კვლევით დეპარტამენტებთან თანამშრომლობის სურვილი აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ გამოყენებულ უნდა იქნას ყველა რესურსი, რაც პარლამენტს კომპეტენციის თვალსაზრისით გააძლიერებს.
თამარ ჩუგოშვილმა იმ მთავარ მახასიათებლებზეც ისაუბრა, რომელიც კვლევით ცენტრს უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ესენია: პოლიტიკური მიუკერძოებლობა; კვლევითი ცენტრი უნდა იყოს პროფესიონალური, რომელიც პოლიტიკის კუთვნილებაზე მაღლა დგას და პროფესიონალური ხარისხით აწარმოებს კვლევებს პარლამენტის ყველა წევრისთვის; დარგობრივი ექსპერტიზა; ხიდი გარე სამყაროსთან.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კვლევითი ცენტრის პროაქტიულ მუშაობაზე და აღნიშნა, რომ ეს პარლამენტს უკეთ გაანალიზებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
„პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება არის: მთავრობის ეფექტური ზედამხედველობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო პროცესის ხარისხის დახვეწა და გაუმჯობესება, პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.
2020-სთვის საქართველოს პარლამენტი ისარგებლებს მაღალი ნდობით როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ და შექმნის იმ მრავალფეროვან სერვისებს, რაც პარლამენტის მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, რეგლამენტში ცალკე მუხლი ეთმობა პარლამენტის კვლევით ცენტრს, რომელსაც 1 აპრილიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭება. გივი მიქანაძის განმარტებით, კვლევითი ცენტრი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში ჩამოყალიბდება და მისი ადგილმდებარეობა პარლამენტის სასახლეში იქნება.
გივი მიქანაძემ ისაუბრა კვლევითი ცენტრისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების მიზეზებზეც.
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის განმარტებით, უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ აღნიშნული სტრუქტურული ერთეული მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ნეიტრალური და მიუკერძოებელი უნდა იყოს.
„ამ სტატუსით, კვლევით ცენტრს ეძლევა საშუალება, ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. ასევე, გამარტივდება ურთიერთობა სხვადასხვა დონორ თუ პარტნიორ ორგანიზაციებთან. სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ფინანსური მდგრადობა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, იწყება მუშაობა დებულებაზე, რომელიც განსაზღვრავს როგორც კვლევითი ცენტრის დაკომპლექტებას და სტრუქტურას, ასევე საქმიანობას.
„თავდაპირველი ხედვები ჩამოყალიბდა, რომ უნდა იყოს დარგობრივი და თემატური მიდგომები. ამ კონტექსტში, უნდა არსებობდნენ მუდმივმოქმედი სპეციალისტები, რომლებიც აქ იმუშავებენ და უნდა არსებობდეს ექსპერტთა ბაზა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ და აღნიშნა, რომ ექსპერტთა ბაზის საფუძველია აკადემიურ წრეებთან აქტიური თანამშრომლობა.
ხედვებზე საუბრისას, პარლამენტის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც კვლევითი ცენტრის დირექტორის შესარჩევად საჯარო კონკურსის გამოცხადების შესაძლებლობა მიეცემა.
„ვფიქრობთ, რომ საწყის ეტაპზე, სამეთვალყურეო საბჭომ შეიძლება ღია კონკურსის წესით შეარჩიოს სამი საუკეთესო კანდიდატი და ეს კანდიდატები, განხილვისა და დამტკიცების მიზნით, წარუდგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს. უკვე შემდგომში, პარლამენტის თავმჯდომარემ დისკრეციულად გადაწყვიტო, თუ რომელ კანდიდატს მიანიჭებს უპირატესობას“, - განმარტა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის განცხადებით, კვლევითი ცენტრი, სავარაუდოდ, ხუთ ძირითად მიმართულებაზე - სოციალურ, ეკონომიკურ, საერთაშორისო, იურიდიულ და ადამიანის უფლებათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ხუთი მიმართულებით შემოვიფარგლებით. თუ საჭიროებით განისაზღვრება, რომ შეიძლება მეტი იყოს ან ნაკლები, მსჯელობის შედეგად გადაწყდება და დებულებაში აისახება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, კვლევითი ცენტრის გაძლიერების მიზნით, შესაძლოა ჩამოყალიბდეს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული და ადგილობრივი მეცნიერებისა და მკვლევარებისგან დაკომპლექტდება.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში, გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა კვლევითი ცენტრის დებულებაზე, რომელშიც, მისივე თქმით, ყველა ძირითადი მიმართულება და კომპონენტი გაიწერება.
„როგორც კი დებულება დამტკიცდება, კონკრეტული სტრუქტურის მიხედვით, პოზიციებზე შერჩევა მოხდება. პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს, ვინ იქნება კვლევითი ცენტრის დირექტორი და შემდგომში თემატური ჯგუფები დაკომპლექტდება“, - განაცხადა მან.
გივი მიქანაძის თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს პროექტის ექსპერტის მიერ უკვე წარმოდგენილია გარკვეული მონახაზი, რომელიც სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაქმნელად იქნება გამოყენებული.
პარლამენტის აპარატის უფროსმა ყურადღება, ასევე, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და ამ მიმართულებით, დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მეგობარი ქვეყნების პარლამენტებში სტაჟირებას გაივლიან.
„ძლიერი კვლევითი ცენტრი არის გარანტი პარლამენტის მიერ უფრო ეფექტიანი საქმიანობისა და ამ მხრივ პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ექნება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.