პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის არც ერთი კანდიდატი არ ეგულება, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება.
მისი თქმით, კანდიდატებზე დეტალურად საუბარი შესაძლებელი იქნება პროცედურების დასრულებისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ.
„ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მიზნით პროცედურების დასრულებას და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაველოდოთ, რომლის შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო მკაფიო საუბარი კანდიდატებზე. არც ერთი კანდიდატი არ მეგულება, რომელსაც აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება ყველას მხრიდან. კრიტიკა ობიექტური უნდა იყოს. დასახელებულ კანდიდატებს კვალიფიკაცია და გამოცდილება ყველას აქვს. საინტერესო კანდიდატები არიან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს გუშინ შეხვდა. შეხვედრაზე დასახელდა ოთხი კანდიდატურა, რომელთა შორისაც არის ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია.