logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მაიორ კვენტინ დოლისთან შეხვედრა გაიმართა
- +

21 დეკემბერი. 2018. 16:29

 

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მაიორთან, კვენტინ დოლისთან, რომელიც საქართველოში, ამერიკის საელჩოში თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის სამსახურს ხელმძღვანელობს.

 

ამ სამსახურმა, ამერიკის მთავრობასთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მოქმედი სამხედროებისათვის არა ერთი ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროში, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც, ქართველი სამხედრო-სამედიცინო პერსონალის, სამხედრო სფეროში მომუშავე ადმინისტრაციული რესურსის გადამზადება და ტრენინგები, ასევე, სარეაბილიტაციო ცენტრსა და სამხედრო ჰოსპიტლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებისა მიღწევაა. მაიორმა დოლიმ სურვილი და მზაობა გამოთქვა, რომ წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მთლიანად ამერიკელი პარტნიორების მიერაა აშენებული და აღჭურვილი და რომელშიც ამჟამად, მოქმედი სამხედროების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ეტაპობრივად მოემსახუროს ვეტერანებსაც.

 

მან, ასევე, აღნიშნა „ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობაც, რომელიც წარმატებით ხორციელდება მოქმედი სამხედროებისთვის და რომელში ჩართვაც ვეტერანებისთვისაც ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ სტუმარს გააცნო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა და მუშაობის თავისებურებები. მან, ასევე, ფართოდ ისაუბრა იმ გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც უწყება დგას და რომელთა დროული აღმოფხვრა ვეტერანებისათვის, მათი საკანონმდებლო, სოციალური თუ ეკონომიკური, პირველ ყოვლისა კი _ ჯანმრთელობის საკითხების მოსაგვარებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ პრობლემების გადაწყვეტაში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება უმნიშვნელოვანესია. თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ახალი ვეტერანთა ჰოსპიტლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა არის ის უმწვავესი პრობლემა, რომელიც უმოკლეს დროში გადაჭრას საჭიროებს. სტუმარმა უწყების ხელმძღვანელს ამ საკითხშიც აღუთქვა დახმარება.

 

„მაქვს უფლებამოსილება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ამერიკის საელჩოს თავდაცვის ატაშეს და ჩემი ხელისუფლების სახელით გელაპარაკოთ. მოხარული ვარ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში დღევანდელი შეხვედრით, თქვენი გაცნობით. ვიმედოვნებ, იმ პროექტების ფარგლებში, რომლებსაც ვხელმძღვანელობ, ქართველი ვეტერანებისთვის, ეტაპობრივად, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ და თქვენს უწყებასთან ერთად, არა ერთ სასარგებლო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა მაიორმა კვენტინ დოლიმ.

 

მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული საკითხების შესახებ პერმანენტული შეხვედრების შესახებ.

 

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, ვეტერანების ჰოსპიტლის დირექტორი ლევან ჯუღელი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამსონ ბრეგვაძე, პროექტების დაგეგმვისა და მართვისა ჯგუფის უფროსი ლელა კიკნაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner