„საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი გრძელვადიანად 3% იქნება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარუდგინა, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.
„ეკონომიკისთვის დამაზიანებელია როგორც მაღალი ინფლაცია, ასევე დეფლაცია. ამასთან, განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, რაც ძირითადად, ქვეყნების პირველ ჯგუფში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპით აიხსნება. კერძოდ, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტების და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად იზრდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობები, რათა ინფლაცია ოპტიმალურ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა და შემდგომი წლების განმავლობაში საშუალოვადიანი პერიოდის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იქნება. საშუალოვადიან პერიოდზე ხაზგასმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება და ინფლაციაც თითქმის ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან: სხვადასხვა დროს მან შესაძლოა გადააჭარბოს, ან მიზნობრივი მაჩვენებელის ქვემოთ იყოს, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის მიზნობრივი მაჩვენებელისაკენ იმოძრავებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.