ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ბანკის მიერ განხორციელებულმა შესყიდვებმა შეიძლება მოკლევადიან პერიოდში რაიმე გავლენა იქონიოს გაცვლით კურსზე, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კურსი აუცილებლად იმ მიმართულებით წავა, საითაც ამის გარეშეც მიემართება.
„მოგეხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნისთვის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები და საკმაოდ დიდი ხანია ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ჩვენ ვაწარმოებთ სავალუტო რესურსების შევსებას იმ შემთხვევაში, როცა ბაზარი ამის საშუალებას გვაძლევს. საქმე იმაშია, რომ დღევანდელი ეკონომიკისათვის ის რეზერვები, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, არ არის ადეკვატური, არ იცავს მას პოტენციური რისკებისგან, აქედან გამომდინარე, საჭიროა ამ რეზერვების დაგროვება. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და როცა საშუალება აქვს ეროვნულ ბანკს, ის ახორციელებს შესყიდვას.
რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არაადეკვატური რეზერვები აქვს. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ამ მაჩვენებელს უცხოური კომპანიები, სარეიტინგო კომპანიები. ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ქვეყნის რეიტინგის გაუმჯობესებას და იმ რესურსების გაიაფებას, რომლითაც ხდება სხვადასხვა პროექტების დაფინანსება და ინვესტიციების განხორციელება საქართველოში. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.