ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს.
გვენეტაძის განცხადებით, „ლიბერთი ბანკს“ აქვს გეგმა, რომ ეს საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეამციროს.
„იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საგრძნობლად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. გარდა ამისა, რაც პირველ რიგში გავაკეთეთ, ის იყო, რომ ის ინფორმაცია, რაც პენსიონერებს უნდა სცოდნოდათ ამასთან დაკავშირებით, ბანკს მოვთხოვეთ, რომ ეს გამჟღავნებულიყო. დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ამ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 100%-ზე ადიოდა, დღეს არის შემცირებული და ამავე დროს ბანკს აქვს გეგმა, რომ ეს საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეამციროს. გთხოვთ კიდეც, რომ მიადევნოთ თვალყური როგორ მცირდება საპროცენტო განაკვეთები საპენსიო სესხებზე.
გარდა ამისა, პირველი იანვრიდან ჩვენ შემოგვაქვს პასუხისმგებლიანი დაფინანსების დებულება, სადაც ბევრი საკითხია გაწერილი და ერთ-ერთი საკითხია, თუ როგორ მოხდება საპენსიო სესხები გაცემული. ვფიქრობ, ესეც დაეხმარება ამ მიმართულებას. საბოლოოდ ეს არის ბანკის გადაწყვეტილება, რომელშიც ჩვენ ჩვენი მცირე წვლილი შევიტანეთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.