logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: აქა ამბავი გურული საცივისა და საახალწლო განწყობისა...
- +

23 დეკემბერი. 2018. 21:06

 

 

აქა ამბავი გურული საცივისა და საახალწლო განწყობისა:

 

არასოდეს გაგიბედავთ, რომ კახური ხაშლამის, მთიულური ხინკლის, სვანური კუბდარის, რაჭული ლობიანის ან ელარჯი და გებჟალიას გაკეთების წესებზე ვილაპარაკო, მაგრამ გურულ საცივზე, სრულიად თამამად შემიძლია გითხრათ და გავაპროტესტო სოც. ქსელებში გამოქვეყნებული რეცეპტები. არ ვიცი, რომელ საცივს სჭირდება დაფნა, ყვითელი ყვავილი, ფქვილი და ათქვფილი კვერცხი, მაგრამ ასეთი რამ გურულ საცივს ნამდვილად არ სჭირდება. გურიაში არსებებოს „მოწეპილი“ საცივის რეცეპტი, რომელსაც ბებიაჩემი აკეთებდა და იმას სხვა დროს დავწერ, ახლა ტრადიციულ, გურულ საცივზე მოვყვები. საცივისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე იწყებოდა, ინდაურს სასუქში ჩააგდებდნენ და ამბობენ, რომ ბოლო კვირას ნიგოზსაც აჭმევდნენ, რომ ხორცი გემრიელი ყოფილიყო, საცივის მოსამზადებელ ნიგოზს კი საცერზე ხეხავდნენ, დღეს ეს საქმე ბლენდერმა შეცვალა და შრომა გაიოლდა. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომელი სჯობს, დედალი თუ მამალი ინდაური. დედალი უფრო ცხიმიანი, მსუყე, ნაზი და თეთრი გამოდის, მამალ ინდაურს კი უფრო მეტი ხორცი აქვს. ამიტომ ბოლო წლებია საახალწლოდ ვინმეს ვუამხანაგდები და დედალ-მამალ ინდაურს ერთად ვაკეთებ და ეგ პრობლემაც მოხსნილია. მოკლედ, კარგად გასუფთავებულ და მარილით ან მჭადის ფქვილით გახვრიჭინებულ ინდაურს ჩაუდებ მუცელში ქვას ან წყლიან ბოთლს და მოვხარშავ. დროდადრო რომ ქაფს ვაცლით ეს კი იცით. ამოვიღებთ, მოვაყრით მარილს და შევდგამ ცხელ ღუმელში შესაწითლებლად. მერე ინდაურს ძვლებს ვაცლი, ხორცს ვჭრი. ნახარში კარგად რომ გაცივდება და ცხიმი თავზე შეიკრიბება, მოვაცლი, ტაფაზე გადმოვიტან და თეთრ ხახვს მოვშუშავ დაბალ ცეცხლზე. ამასობაში ინდაურის ნახარშ წვენში ვაბლენდერებ ნიგოზს, უცხო სუნელს, 3-4 კბილ ნიორს, წიწაკას, ცოტა ქინძს, უფრო ცოტა დარიჩინს ( ერთ ინდაურზე ჩაის კოვზის წვერზე რაც დაეტევა ) მიხაკი ძალიან მძაფრი სანელებელია, მაგრამ საცივში აუცილებელია და ამიტომ დანის წვერზე რაც დაეტევა, იმდენ მიხაკს ვამატებთ, მერე მოშუშულ ხახვსაც მივაბლენდერებთ, ყველაფერს ერთად წამოვადუღებთ სულ 2-3 წუთი და ბოლოს მთელი გემოების დასაფიქსირებლად საჭიროა თეთრი ძმარი, თუმცა რადგან ცოტათი ფერს უცვლის, ბოლო დროს ლიმონის წვენსაც იყენებენ. ადუღებულ წვენს დავასხამთ ხორცის ნაჭრებს, დავაფარებთ სახურავს და... სასწაულია. სუფრაზე მიტანამდე მოვასხამთ ურწყულს( ასე ვეძეხით გურიაში ნიგვზის ზეთს)

 

P.S. ახლა ნუ დაიწყებთ- მაი ისე არ უნდაო, ასე უნდაო. მე დავწერე ის, რაც ვიცი, ასე ვაკეთებ, ასე აკეთებდნენ ჩემები- ბებიები, დეიდები, მამიდები, ბიცოლები, ასე აკეთებს დედაჩემი, ნუ, ცოტა ტექნიკურად დაიხვეწა და გაიოლდა, ჩახანას ნაცვლად „სვეცკი ქვაბი“, შუაცეცხლის ნაცვლად მომარმიდებული ღუმელები, საცერის ნაცვლად-ბლენდერი, მაგრამ უცვლელია ერთი რამ, რაც მუდამ ასე იქნება- როგორც ჩემები იტყოდნენ, საჭმელს სუნელი კი არა გუნება -განწყობა აკეთებს, იყავით მხიარულები, კერძი მარტო საჭმელი კი არა, მთელი შემოქმედებაა, ნახატია, მუსიკაა, სანახაობაა, ეს ყველაფერი კი ისე არაფერს უხდება როგორც ახალ წელიწადს, ბედნიერი წელიწადი დასდგომოდეს ჩემს ქვეყანას, თქვენს ოჯახებს, არ იცით როგორ მიყვარხართ მე თქვენ და როგორი სიკეთეები მემეტება ყველასთვის, გახარებულ ადამიანებში ცხოვრება ძალიან მაგარი ამბავია!

right_banner right_banner
არქივი
right_banner