logo_geo
eng_logo
ნინო აღლემაშვილი: ბრალდებულების ადვოკატებს ისღა დარჩენიათ, ცრუ განმარტებები აკეთონ
- +

21 მაისი. 2016. 01:19


„ბრალდებულების ადვოკატებს ისღა დარჩენიათ, მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე ცრუ განმარტებები აკეთონ", - განაცხადა პროკურორმა  ნინო აღლემაშვილმა გადაცემა 2030-ში.

 

„ადვოკატები ამბობენ, თითქოს საქმეში ანგარების მიზანი არ არსებობს და მოტივი გამოკვეთილი არ არის, რაც ცალსახა სიცრუეა. რეალურად, ბრალდებულებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ "სილქნეტს" სახელმწიფო შესყიდვის დასრულების შემდგომ, მატერიალური სარგებელი მიეღო. ეს კომპანია თავიდანვე უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენეს, მაშინ, როცა სახელმწიფო შესყიდვაში ჩართულ სხვა კომპანიებს, მასშტაბური პროექტის მოსამზადებლად მხოლოდ და მხოლოდ 9 კალენდარული დღე მიეცათ", - განაცხადა  ნინო აღლემაშვილმა.



მისი თქმით, მეილებიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ "სილქნეტს" თავდაცვის სამინისტროსგან სამომავლო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიღებული ჰქონდა.


 

„ბრალდებულების მიზანს არ წარმოადგენდა ბაზრის კვლევა. მათ, სახელმწიფო შესყიდვაში ჩართვასთან დაკავშირებით, მიმართვა 9 კომპანიას გაუგზავნეს. ამ ცხრიდან სამს ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალთან შეხება არასოდეს ჰქონია. ორმა ძალიან გამოცდილმა კომპანიამ დამატებითი ვადა მოითხოვა, რაც არ მიეცათ. კითხვაზე - რატომ არ მისცეს ამ კომპანიებს დამატებითი დრო, ბრალდებულებს პასუხი არ ჰქონდათ", - განაცხადა პროკურორმა.



მან დეტალურად ისაუბრა მაგისტრალის და "სილქნეტის" მიერ შეთავაზებული პირობების შესახებაც.



„რომ განვმარტოთ რა არის მაგისტრალი - ეს  არის მიწის თხრილი, რომელშიც მილია განთავსებული, მილში - კაბელი, რომელიც წვერებისგან შედგება. ეს არის მთლიანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უძრავ-მოძრავი ქონების ერთობაა და თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებისგან სწორედ ამის მიწოდება მოითხოვა. "სილქნეტი" სამინისტროს საკუთრებაში არა ამ ინფრასტრუქტურას, არამედ მიწის თხრილში განთავსებულ მილში არსებული კაბელის 74 წვერიდან, მხოლოდ 24 წვერს გადასცემდა. შედარებისთვის, წარმოვიდგინოთ მრავალბინიანი კორპუსი და მეორე მხრივ, ამ კორპუსში ცალკეული ბინის ცალკეული ოთახი. 3 კომპანია მთლიანი კორპუსის მიწოდებაზე რომ აკეთებდეს შეთავაზებას და მეოთხე კომპანია - კორპუსის ცალკეული ბინის, ცალკეული ოთახის შეთავაზებას. "სილქნეტისა" და სხვა კომპანიების მიერ წარდგენილ წიანადადებებს შორის სწორედ ასეთი სხვაობაა", - განაცხადა  ნინო აღლემაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner