logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: დროა, საქართველომ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან!
- +

21 მაისი. 2016. 10:10


„ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოსთვის" დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს უსამძიმრებს და აღნიშნულზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


როგორც მოროშკინა წერს, იგი პროვოკაციის მცდელობას ხედავს და ამიტომ მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღადგინოს.

 

„თანავუგრძნობ გიგა ოთხოზორიას ოჯახს... ჩემთვის, როგორც ეთნიკური რუსისთვის, ასმაგად მძიმეა შექმნილი ვითარება! მე ვხედავ პროვოკაციის მცდელობას! თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ სახელმწიფო ვართ, უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის,როგორც პატარა ქრისტიანული, დამოუკიდებელი და პრინციპული ქვეყნის პოზიციონირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით!

 

დღეს დაშლილი, სისხლისგან დაცლილი, ნაჯიჯგნი ტერიტორია ვართ.... ზესახელმწიფოებმა ჩვენ საშიშ თამაშში ჩაგვითრიეს! თავსმოხვეული თემები, ქრისტიანობის შეურაცხყოფა, პირადი ცხოვრების უხეშად ხელყოფა, ჯერაც გაუსამართლებელი რეჟიმის ლობირება, ფაშისტების რეინკარნაციის მცდელობა, გამყარებულ ლარზე - ფასების მატება, მცოცავი ანექსია და აი, ახლა ასეთი ცინიკური მკვლელობა! ფრთხილად!

 

ზესახელმწიფოები ახალ ტერიტორიას ეძებენ საკუთარი ომის გასაჩაღებლად, ნუ გავხდებით სამიზნე! ამისათვის საჭიროა დიპლომატიური შტურმი!

 

დროა, საქართველომ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან,რომ არსებობდეს მოპასუხე მხარე, როდესაც რაღაც გლობალური ფუჭდება! ვის გავუგზავნოთ ნოტა? რა ნომერზე დავრეკოთ? ვის ვეომოთ, მათ, ვისაც მილიონ ორასი ათასი ქართველი, აქედან ნახევარზე მეტი არალეგალი ჰყავთ შეფარებული? მათ, ვისთან პაექრობაშიც NATO უკან იხევს? აი, რისთვის არის საჭირო დიალოგი! აი, რატომ უნდა გვქონდეს მინიმალური კონტაქტი მაინც, რომ პასუხი მოვთხოვოთ! თუ კანონიერი ჩარჩოდან და მოლაპარაკების პროცესიდან გადიხარ, მერე ანარქიული პროცესები იწყება - აი რეზულტატიც! ვიღაცის პროვოკაციული ქმედება არ უნდა გახდეს ათასობით ადამიანის რისკ-ფაქტორი! ჩვენ შეუიარაღებელი და გაშიშვლებულები ვართ, ჩვენ მხოლიდ ერთმანეთის მუსრის გავლებით ვართ დაკავებული!

 

არ დაგავიწყდეთ, რომ როცა ჩვენ გვიჭირდა, ევროპამ შეშფოთება გამოთქვა, ამერიკამ კი მხოლოდ მეხუთე დღეს არაბული ომებისთვის საჭირო ქეისი მიგვაწოდა -წყალი! იმაზეც კი არ შეწუხდნენ, რუკაზე დაეხედათ და წყლის ქვეყანაში წყალი არ გამოეგზავნათ! ვის იმედზე ვართ? დროა, მხოლოდ საკუთარ თავზე გავაკეთოთ აქცენტი! ჩემთვის, როგორც გენეტიკურად ნახევრად რუსისთვის, ყველაზე მძიმეა, რაც ხდება! ამიტომაც გამოვდივარ ინიციატივით, თუნდაც არასამთავრობო დონეზე მოვითხოვოთ რუსულ მხარესთან დიალოგის განახლება და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დამნაშავე დაისაჯოს, მცოცავი ანექსია შეწყდეს და ჩვენი ურთიერთობა 2008 წლის 7აგვისტოს სტატუს ქვოს დაუბრუნდეს! ეს შესაძლებელი და მიღწევადია მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გზით!" - წერს მოროშკინა facebook-გვერდზე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner