logo_geo
eng_logo
თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
- +

24 დეკემბერი. 2018. 13:25

 

ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის - თამარ ჟვანიას განცხადებით, არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ იყვნენ კანდიდატები, დღევანდელ სხდომას არ წაიყვანს და არც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

 

„სხდომაში დღეს არ მივიღებ მონაწილეობას. კანონით არის გათვალისწინებული, რომ სხდომაში მონაწილეობა და ხმის მიცემა შემიძლია, მაგრამ არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ იყვნენ კანდიდატები, არ წავიყვან დღევანდელ სხდომას და კენჭისყრაშიც არ მივიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

უკვე ცნობილია, რომ სხდომაში არ მიიღებს მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირთაძე.

 

„სხდომა არის ფორმალური. ხელისუფლებას უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი. სხდომაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ“, - განაცხადა დავით კირთაძემ.

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ცესკო-ს წევრები თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით აირჩევენ. თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა, კანდიდატმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 12-კაციანი შემადგენლობისგან ხმების ორი მესამედი მიიღოს.

 

რეგლამენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრები თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებენ, არჩევანის გაკეთება უკვე კანონმდებლებს მოუწევთ. საქართველოს პარლამენტი ვალდებული იქნება, პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი შვიდი დღის ვადაში აირჩიოს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე 21 დეკემბერს წარადგინა.

 

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner