შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ბრძოლას იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2016 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 54 პირი.
დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლების, ასევე, პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 85 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან - 53 პისტოლეტი, 15 ავტომატი, 5 რევოლვერი, 11 შაშხანა, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 ხელყუმბარა, 1 ამფეთქი ფალია, 250 კილოგრამი უკვამლო დენთი, 200 გრამი ტროტილი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 2355 ცალი საბრძოლო ვაზნა.
კომპლექსური ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის გამოვლენას, სხვა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვიდან ამოღებას.
ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა პრევენციულად აღკვეთეს მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, კანონის თანახმად, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.