logo_geo
eng_logo
„ქართული ზეთისხილი“ კომპანიის გაფართოებაში, დაახლოებით, 10 მილიონს ჩადებს
- +

24 დეკემბერი. 2018. 23:06

 

 

,,ქართული ზეთისხილი“ ფართოვდება - კომპანია მომავალი გაზაფხულიდან დედოფლისწყაროში 1000 ჰექტარზე ზეთისხილის ბაღის გაშენებას გეგმავს.

 

როგორც ,,ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ Bm.ge-ის განუცხადა, კომპანიის გაფართოების მიზნით, დაახლოებით, 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

მისივე განმარტებით, საქმიანობის გაფართოების საშუალებას მათ ის კონტრაქტი აძლევს, რაც ცოტა ხნის წინ ჩინეთში, ზეითუნის ზეთის ექსპორტთან დაკავშირებით გააფორმეს.

 

შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობაც 1000-ით გაიზრდება.

 

ამჟამად ,,ქართული ზეთისხილი“, სხვადასხვა რგოლში, 500-დან 600-მდე ადამიანს ასაქმებს.

 

„ეს არის ჩინეთის ცენტრალური რეგიონი, სადაც 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობს; მათ გვთხოვეს იმდენი პროდუქცია მივაწოდოთ, რაც სრულად დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებას, რადგან ძალიან მოეწონათ ჩვენი ზეითუნის ზეთის ხარისხი; ჩვენ ავუხსენით, რომ ეს შეუძლებელია, რადგან საქართველოს არ აქვს ამხელა ტერიტორია, რომ ამ მოცულობის საწარმოებლად საკმარისი ზეთისხილის ბაღები გააშენოს, თუმცა ამ კონტრაქტების საფუძველზე მნიშვნელოვნად გავზრდით წარმოებას. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებაში საპარტნიორო ფონდი ძალიან დაგვეხმარა. აგრეთვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს პროდუქციას მიენიჭა საერთაშორისო სერთიფიკატი და მსოფლიო ბრენდმა ,,კარფურმა“ მოგვცა მათი სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტის განხორციელებაში ძალიან დაგვეხმარება“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

 

ის აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, რომ გააშენონ ზეთისხილის ბაღები და აცხადებს, რომ ,,ქართული ზეთისხილი“ მზად არის სრულად ჩაიბაროს მათ მიერ მოყვანილი ნედლეული, რასაც უკვე ახორციელებს.

 

„ეს არის ძალიან გამძლე კულტურა, რომელიც 1000 წელიწადს ცოცხლობს და კარგად ხარობს ისეთ ქვა-ღორღიან ნიადაგებზე, სადაც სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები ვერ მოჰყავთ. მისი კრეფის სეზონი ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლითაა ანუ მას შემდეგ, რაც კახეთში რთველი მთავრდება, ასე რომ კახელ გლეხებს თავისუფლად შეუძლიათ ამ კულტურის მოყვანა და ფინანსური სარგებელის მიღება. კილოგრამ ზეთისხილში, ხარისხის მიხედვით, 1-დან 2 ლარამდე გადავიხდით“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ.

მისივე თქმით, მომავალი 10 წლის განმავლობაში, საქართველოში შესაძლებელია ზეთისხილის კულტურა 100 ათას ჰექტარზე გაშენდეს და ის მსოფლიოში მაღალხარისხიანი ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქვეყნების ხუთეულში შევიდეს, სადაც ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და თურქეთია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner