სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქის აღსაყდრების 41 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულდება.
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.
პატრიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით ტაძარში სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზონი და მრევლი იმყოფება. სვეტიცხოველში მსახურებაზე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ელოდებიან.
მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.
ილია II, ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი; დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია 1977 წლიდან.
ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მღვდელმთავრის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებას აღნიშნავს.