logo_geo
eng_logo
ჰაერის დაბინძურება - რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა
- +

25 დეკემბერი. 2018. 13:02

ჰაერის დაბინძურება საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, განსაკუთრებით კი თბილისში. ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი - გაუმართავი ავტოტრანსპორტია, რომლის გამონაბოლქვი შეადგენს ჰაერის დაბინძურების 70 %-ზე მეტს. ამ სახით ატმოსფეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის დონისა და ურბანიზაციის ზრდასთან ერთად. საქართველოს დედაქალაქში არსებული ჰაერის დაბინძურება საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და მომავალ თაობას.

 

ამ საკითხის უგულებელყოფა სულ უფრო ამძიმებს სურათს და ყოველ წამს წამლავს მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს, რომელთათვის ეს ტოქსინები და მძიმე მეტალები ყველაზე სახიფათოა.

 

რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია „მწვანე პოლიტიკა-ეკოტრანსპორტი“, სადაც განაცხადა:

 

„სამწუხაროდ, თბილისმა და თბილისელებმა ყველაზე მტკივნეულად მიიღეს ბოლო წლებში ის შედეგები, რაც მოჰყვა არასწორ და მე ვიტყოდი, ხშირ შემთხვევაში, დანაშაულებრივ პოლიტიკას გარემოს მიმართ. ეს ყოვლად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ახალ პოლიტიკაზე და ახალ სტრატეგიაზე ვმუშაობდით, გვქონდა ორი ამოცანა: პირველი - თუ როგორ აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს ამ კუთხით თბილისში და ზოგადად საქართველოში; და მეორე - როგორ გადავიყვანოთ ეს მიმართულება განვითარების ახალ რელსებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, გადაწყდა, რომ ძალიან მალე ქვეყანაში დაიწყება ელექტრომობილების შემოყვანა და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 2 000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა.

 

„მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას. ეს უკავშირდება არა მხოლოდ ელექტრომობილების განვითარებას და ამ ტრანსპორტის პოპულარიზაციას, არამედ ზოგადად, რომ საჯარო ტრანსპორტი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა. მომდევნო კვირიდან უკვე დაიწყება საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში 2 000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა ე.წ. Car Sharing-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპით, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს საცობებს ჩვენს დედაქალაქში და ამავე დროს ხელს შეუწყობს იმას, რომ ელექტრომობილები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული გახდეს ადგილობრივ ბაზარზე“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner